მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემს კანდიდატურას არ ვადასტურებ - პაპუნა ლეჟავა სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის არჩევაზე

64941ab3c1569
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.23 14:03
655
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს საბჭოს სხდომას გამართავს. 7 წევრისგან შემდგარი საბჭო დღეს პირველი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის თაობაზე იმსჯელებს. საბჭოს სხდომის დაწყებამდე BMG-იმ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტს, პაპუნა ლეჟავას ჰკითხა, დააყენებს თუ არა ის საკუთარ კანდიდატურას პირველი ვიცე-პრეზიდენტის არჩევნებში. ლეჟავას განცხადებით, ის ვერ დაადასტურებს იქნება თუ არა ამ არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი. ამასთან, მანვე განმარტა, თუ რა პროცედურით უნდა მოხდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტის არჩევა.

“პირველ ვიცე-პრეზიდენტზე მსჯელობა გვექნება. მიღებულია კანონი და ჩვენ ვალდებული ვართ ავირჩიოთ პირველი ვიცე-პრეზიდენტი. ამ გადაწყვეტილებას დღეს მივიღებთ თუ უახლოეს პერიოდში, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა მალე იქნება ის მიღებული.

ჩემს კანდიდატურას არ ვადასტურებ. წინასწარ ვერ გეტყვით, საბჭოს ყველა წევრს აქვს უფლება გახდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. პროცედურა ასეთია, რომ საბჭოს ნებისმიერ ორ წევრს შეუძლია წარადგინოს კანდიდატი და შემდეგ უკვე საბჭო იმსჯელებს და უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა ლეჟავამ.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს პარლამენტმა მხარი 13 ივნისს დაუჭირა. ის ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერის მეშვეობით შევიდა.

ამჟამად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს. მას უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში ეწურება.

~ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოში შვიდი წევრია. მათგან სამი ვიცე-პრეზიდენტია: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟანა და ნიკოლოზ გაგუა. ოთხი კი, არააღმასრულებელი წევრია. ესენია: ნათია თურნავა, ეკატერინე გალდავა, ეკატერინე მიქაბაძე და რობერტ სინგლეტარი.

ამდენად, დღეს, სებ-ის 7-წევრიანი საბჭოდან რომელიმე ორი წევრი მეოთხე ვიცეპრეზიდენტის კანდიდატურას წარადგენს და დიდი ალბათობით ის გახდება პირველი ვიცეპრეზიდენტი და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქამდე, ვიდრე სებ-ს ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება.

BM.ge-ის ინფორმაციით, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურების დაყენებას ნათია თურნავა და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აპირებენ. რაც შეეხება ასევე, მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს და ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ მესტვირიშვილს, ის საბჭოს წევრებისთვის საკუთარი თავის შეთავაზებას არ აპირებს.

შეგახსენებთ: სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს აკრიტიკებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ასევე, თავად ეროვნული ბანკი, რომელიც არ გამორიცხავდა, რომ "ოცნების" მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, ქვეყანაში IMF-ის მიმდინარე პროგრამა შეაფერხოს. აღსანიშნია, რომ პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ, პროგრამის შეჩერების რისკების რეალურობაზე კომენტარი თავად IMF-ს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები