მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მთავარი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

ეროვნული ბანკი

გასული კვირის (18-24 სექტემბერი) მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში:

1) სანქციები საქართველოს მოქალაქეზეც ვრცელდება - სებ-ის ორშაბათის განმარტება

კვირა დაიწყო 18 სექტემბერს ეროვნული ბანკის განმარტებით, რომ საერთაშორისო სანქციები ვრცელდებოდა საქართველოს მოქალაქეზეც ისევე როგორც სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე და შესაბამისად ძალაში იყო აქტივების გაყინვის ბრძანება.

2) ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მოქალაქეთათვის სანქციების აღსრულების პოლიტიკა შეცვალა და საგამონაკლისო წესი დაამტკიცა

თუმცა, ორშაბათის განცხადებას მოჰყვა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ ეს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება იყო, რადგანაც ის საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს ლახავდა. ამ განვცხადებიდან მეორე დღეს 19 სექტემბრის საღამოს, ეროვნულმა ბანკმა გამოსცა საგამონაკლისო წესი საქართველოს მოქალაქეთათვის, რომლის მიხედვითაც ეს ბრძანება ძალაში შედიოდა მხოლოდ მაშინ თუკი პირის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება იარსებებდა. 

3) ეროვნული ბანკის საბჭო სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა

20 სექტემბერს, ნათია თურნავას ბრიფინგის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ამ პოლიტიკასთან შეუთავსებლობის გამო პოსტი დატოვა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ. ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამაც. შესაბამისად, 7 წევრისგან შემდგარი საბჭოში მხოლოდ 4 წევრი დარჩა. თანამდებობიდან წასულ პირებს ოფიციალურად უფლებამოსილების ვადა 2 თვეში გაუვათ. 

4) სანქციების მიდგომის შეცვლაზე სებ-ის განცხადებით შეშფოთებული ვართ - IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) შეშფოთებულია საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე ეროვნული ბანკის მიერ შეცვლილი პოლიტიკით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დაწესებული სანქციებისთვის განსხვავებულ მიდგომას აწესებს. ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი, BMG-სთან წერილობით აცხადებს, რომ ამ საკითხს ფონდი აუცილებლად განიხილავს როგორც ეროვნულ ბანკთან ასევე კომერციულ ბანკებთან.

5) სალომე ზურაბიშვილი ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც თურნავას მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო.

სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისკენაც მოუწოდა და თქვა, რომ ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც ქვეყანას რეპუტაციულ ზიანს თავიდან აარიდებს.

6) “თიბისის”, “საქართველოს ბანკის”, “ლიბერთის” და სხვა ბანკების განცხადებები სანქციების შესახებ

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სანქციების აღსრულების წესში სებ-ის საგამონაკლისო ბრძანებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად საკუთარი განცხადებები გამოაქვეყნეს. კონკრეტული ბანკები აღნიშნავდნენ, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს ასრულებდნენ და მომავალშიც შეასრულებდნენ, სხვა ბანკები კი მიუთითებდნენ რომ იმოქმედებდნენ როგორც საერთაშორისო რეგულაციების, ასევე ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 

7) ვინც ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს ახორციელებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს - სახელმწიფო დეპარტამენტი

ვინც ოთარ ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ სახდეპის მაღალჩინოსანმა "ფორმულას" ვაშინგტონის ბიუროს წერილობით უპასუხა.

ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან ჩვენს მიერ რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ.

საქართველოს საბანკო სისტემა იყო ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია", - აღნიშნავენ სახდეპში.

8) ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი აირჩიეს

21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. სხდომამდე საკითხი განიხილეს საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების განხილვა, თუმცა, კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ. რის შემდეგაც კომიტეტებმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს, თუმცა სესიაზე მმართველი გუნდის პოზიცია შეიცვალა და წარდგენილი კანდიდატები 84 ხმით ეროვნულ ბანკში აირჩიეს.

მომხდარის მიზეზი BMG-სთან საუბარში განმარტა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბეჟან წაქაძემ. მისი თქმით, ამ კანდიდატების არჩევა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო და მის გარეშე ეროვნული ბანკის უწყვეტ ფუნქციონირებას რისკები შეექმნებოდა.

9) ანაკლიის პორტის აშენება ჩინურ-სინგაპურულ ჰოლდინგს და ლუქსემბურგულ-შვეიცაულ კომპანიებს სურთ

კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას უკავშირდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. მისი თქმით პორტის ინვესტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე მხოლოდ ორმა კომპანიამ ჩინურ-სინგაპურულმა კომსორციუმმა და შვეიცარულ ლუქსემბურგულმა კომპანიამ გადალახეს. 

მთავრობის შეფასებით პორტის განვითარების პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 589 მილიონი დოლარი იქნება. 

როგორც ირკვევა, იქნება კიდევ ერთი ტენდერი, რაც პროექტის სამშენებლო კონტრაქტორის შერჩევას უკავშირდება. შესაბამისად, ინვესტორის და კონტრაქტორის შერჩევის პროცესი ფაქტობრივად თანადროულად წარიმართება. 

პორტში 51%-ის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო, 49% კი ინვესტორი იქნება. 

10) უნივერსიტეტებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანებაზე სამინისტროსთან შეთანხმებას მოაწერეს ხელი:

“ყველა უნივერსიტეტი ასწრებდა ერთმანეთს, ხელს ვინ მოაწერდა მემორანდუმს”, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების ჩამოწერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარის თქმით, სახელმწიფო კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტის დავალიანების 20%-ს გადაუხდის, სტუდენტს კი ის მთლიანად გაუნულდება. 

“ყველასთან რა შეთავაზებაც იყო, არის ობიექტური საბაზრო ფასი იმ ვალისა, რომელიც აქვთ. ეს დაახლოებით ვალის ოდენობის 20% იქნება. 20%-იც კი ზოგ შემთხვევაში არ არის ამ ვალის ღირებულება, ვინაიდან იქ სხვადასხვა ფინანსური მექანიზმი ერთვება. შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტი, თავისუფალი ნების ფარგლებში, სიხარულით დათანხმდა ამას. სხვა შემთხვევაში უნივერსიტეტები 20%-საც ვერ ამოიღებდნენ. საქართველოში მოქმედი ყველა უნივერსიტეტი  სიამოვნებით, ასწრებდა ერთმანეთს ხელს ვინ მოაწერდა, დათანხმდა ამ შეთავაზებას”, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

გიორგი ამილახვარის ცნობით, ამ დროისთვის შეთავაზებაზე უარი აგრარულმა და თავისუფალმა უნივერსიტეტებმა თქვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები