საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) შეშფოთებულია საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე ეროვნული ბანკის მიერ შეცვლილი პოლიტიკით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დაწესებული სანქციებისთვის განსხვავებულ მიდგომას აწესებს. ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი, BMG-სთან წერილობით აცხადებს, რომ ამ საკითხს ფონდი აუცილებლად განიხილავს როგორც ეროვნულ ბანკთან ასევე კომერციულ ბანკებთან.
"როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს,"- ნათქვამია ჯეიმს ჯონის განცხადებაში.
ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების გამონაკლისი წესი 19 სექტემბერს დაამტკიცა, 20 სექტემბერს კი ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადადგომისკენ მოუწოდა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას და მისი წარდგენისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. თავად ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს, ხოლო სანქციების წესის ცვლილება რომელიმე ერთ კონკრეტულ პირზე არაა მორგებული.