საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი გახდა. ამის შესახებ BMG-ის თავად ნიკოლოზ გაგუამ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოდან არ მიდის და ახალი სტატუსით სხვადასხვა ქვეყანაში მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები მოუწევს.
"IMF როდესაც რომელიმე ქვეყანაში ჩადის, თავის რეკომენდაციებს საკუთარი ექსპერტის მოსაზრებებსა და შეფასებებზე გათვლებით აგებს. ჩემი ძირითადი მიმართულებებია: მაკროფისკალური პოლიტიკა, ფისკალური რისკები, ვალის მართვა და კაპიტალის ბაზარი ანუ ამ თემებზე ვიმუშავებ და სავალუტო ფონდს მოვუმზადებ რეკომენდაციებს სხვადასხვა ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, შეიძლება, საქართველოს მაგალითი მოვიხსენიო, მაგრამ უშუალოდ საქართველოსთვის რჩევების მიცემა არ მომიწევს. ცოტა ხნის წინ ყირგიზეთში ვიყავი; ახლა ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მივდივარ“, - უთხრა მან bm.ge-ის.
შეგახსენებთ: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობასა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე ნიკოლოზ გაგუამ, პაპუნა ლეჟავასთან და არჩილ მესტვირიშვილთან ერთად უარი მას შემდეგ თქვეს, რაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და პირველი ვიცე-პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანებით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი ამოქმედდა.