მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი, ოფიციალურად, სამივე ვიცე-პრეზიდენტის გარეშეა

სები

დღეიდან, ეროვნული ბანკი, ოფიციალურად, სამივე ვიცე-პრეზიდენტის გარეშეა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობასა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ განცხადებები სექტემბერში, მას შემდეგ დაწერეს, რაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და პირველი ვიცე-პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანებით დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონკალისი ამოქმედდა.

ამ დროისთვის ეროვნული ბანკის საბჭოში სულ 6 წევრია: ნათია თურნავა, ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, რობერტ სინგლეტერი, თეიმურაზ ხომერიკი, ნანა ყეინიშვილი. აღსანიშნავია, რომ რობერტ სინგელეტერს უფლებამოსილება მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება და საბჭოში ხუთი წევრი დარჩება.

ვინ ნიშნავს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებს?

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში - ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

ვინ ირჩევს სებ-ის საბჭოს წევრებს?

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

რა შემთხვევაში გახდება სებ-ის საბჭო არაუფლებამოსილი?

სებ-ის ორგანული კანონი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები