მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის მიანიჭებს სებ-ი ლაშა პაპაშვილის ციფრულ ბანკს ლიცენზიას? - ნათია თურნავას პასუხი

ნათია თურნავა და ლაშა პაპაშვილი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უპასუხა BMG-ის კითხვას ბაზარზე ახალი ციფრული ბანკების შემოსვლასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ სებ-ი ამჟამად მუშაობს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის და Whitebit-ის სალიცენზიო განაცხადზე, რომელიც ახალი ციფრული ბანკის შექმნას უკავშირდება.

ნათია თურნავას განმარტებით, ეროვნულ ბანკს აღნიშნული სალიცენზიო განაცხადის შესწავლის დრო კიდევ აქვს და გადაწყვეტილება შესაბამის ვადებში იქნება მიღებული.

“ციფრული ბანკები არის ძალიან იმედის მომცემი სფერო. ჩვენ აქ ვხედავთ კონკურენციის გაძლიერების შემდგომ ეტაპს. თავად კონცეფცია არის იმგვარი, რომ ნაკლები დანახარჯების გზით, ციფრული სერვისების დანერგვით ბანკს შეუძლია, იყოს საკმაოდ მდგრადი და გაზარდოს პორტფელი. ძალიან საინტერესო კონცეფციაა და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ლიცენზია არის მოქმედი, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ სფეროში მეტი დაინტერესება იქნება. რაც შეეხება იმ ლიცენზიას, რომლის განაცხადის დამუშავების პროცესშიც ვართ, ჯერჯერობით ვადები გვაქვს და წარმოება მიმდინარეობს, კანონით დადგენილ ვადებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

ლაშა პაპაშვილმა ივნისში BMGTV-ის გადაცემა “წერტილის” ეთერში განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი ახალი ლიცენზიის მიღებისთვის მძიმე ბიუროკრატიულ პროცესს ითხოვდა, რაც მისი შეფასებით 21-ე საუკუნესთან შეუსაბამო იყო.

“ერთი "მარშუტკით" მივიტანეთ საბუთები, 21-ე საუკუნეში ასე არ შეიძლება... ახალგაზრდა ადამიანებმა ეროვნულ ბანკში ვერ დაინახეს, რომ ჩვენ შევძლებთ ბიზნესის კეთებას. ვერ დაგვარწმუნეთო.

ახლა, ეროვნულ ბანკში გაუსაძლისი მდგომარეობაა, მე როგორც ვიცი. იმედია, მალე შევალ საბანკო სექტორში და თავადაც დავრწმუნდები ამაში. ზედმეტი რეგულაციებია, ზედმეტი ქაღალდომანიაა. ჩვენ მაგალითად, ერთი "მარშუტკით" მივიტანეთ საბუთები და 21-ე საუკუნეში ეს არ შეიძლება. მე რა შესწავლა მინდა? ჩემი და ჩემი ოჯახის შემოსავლები ვიღაც ბავშვებმა უნდა შეამოწმოს? 35 წელია მიცნობთ, ვინც ვარ. ჩემი გამოცდილება იცით, თუნდაც საბანკო სექტორში. ვინ უნდა შემასწავლოს ახლა, როგორ უნდა დავიცვათ მოქალაქეთა დეპოზიტები,”- განაცხადა პაპაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში პირველი ციფრული ბანკის Paysera-ს საბანკო ლიცენზია 2022 წლის  ნოემბერში გასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები