მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეროვნულ ბანკს რეფორმატორი პრეზიდენტი სჭირდება“ - ლაშა პაპაშვილის რჩევა ნათია თურნავას

6499ff5394e65
თელარა გელანტია
27.06.23 11:00
1464
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებლის, ლაშა პაპაშვილის განცხადებით, „ეროვნულ ბანკს დღეს რეფორმატორი პრეზიდენტი სჭირდება“. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

„ვინც შეძლებს რეფორმების გატარებას, ის არის ჩვენი პრეზიდენტი. პრეზიდენტი რეფორმატორი უნდა იყოს და წინ წაწიოს ქვეყანა. დამატებითი ღირებულება უნდა შექმნა, სადაც არ უნდა იყო - არ აქვს მნიშვნელობა, მე ვიქნები, თქვენ თუ ნათია თურნავა ან ლევან დავითაშვილი; ჩვენგან მოქალაქეები დამატებითი ღირებულების შექმნას ელოდებიან“, - თქვა მან.

„წერტილის“ წამყვანმა ბიზნესმენს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ნათია თურნავას დანიშვნაც შეაფასებინა. ლაშა პაპაშვილი თურნავას წარმატებებს უსურვებს.

ამასთან, ყოფილი ბანკირი, ლაშა პაპაშვილი, რომელიც ისევ აპირებს საბანკო სექტორში დაბრუნებას და სებ-ისგან ციფრული ბანკის ლიცენზიის მიღებას ელოდება, მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკში დაგროვილია პრობლემები, რომელთა გადალახვაც ნათია თურნავას მოუწევს.

„ნათია თურნავა პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, რაც ადვილი არ იქნება... ვფიქრობ, ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი. უამრავი საკითხი ექნება გადასაჭრელი და მე მას წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენგან რაც დასახმარებელი იქნება, ყოველთვის მზად ვართ, დავეხმაროთ. ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის რანგში, ფინანსთა მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა ლარის კურსის საკითხის განხილვებში და ყველა პერიპეტია იცის, რაზეც გვქონდა საუბარი, რა იყო მტკივნეული... მე მგონი, მაშინ ყველა პრობლემას შევეხეთ, სანამ ბიზნესი მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ...

ეროვნულ ბანკში ნათია თურნავას აქვს ძალიან დიდი გამოწვევები - რეფორმების განხორციელება, რომელიც ყოველთვის და ყველა ქვეყანაში ძნელია... როცა დაგროვილია პრობლემები და გადასალახია. მე ვურჩევდი მას ისე გააკეთოს, როგორც ლაშა ხუციშვილმა გააკეთა ფინანსთა სამინისტროში, ვგულისხმობ, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოწმების მიზნით კომპანიებში ვიზიტების მაქსიმალურად შემცირებას.

ახლა გაუსაძლისი მდგომარეობაა ეროვნულ ბანკში, მე როგორც ვიცი. მალე შევალ საბანკო სექტორში და თავადაც დავრწმუნდები; ზედმეტია რეგულაციები... ზედმეტი ქაღალდომანიაა, რაც გაუგონარია“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.

ყოფილი ბანკირის აზრით, დღეს საფინანსო სექტორის მთავარი გამოწვევა ძვირი ფულია. ბიზნესმენის აზრით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკა 2-3 პუნქტით უნდა შეამციროს.

„გასაგებია, რომ ინფლაციას ვებრძვით; მას ებრძვის მსოფლიოც, მაგრამ სადამდე უნდა დავიდეს ინფლაცია, რომ ბიზნესზეც ვიფიქროთ?! მე პრობიზნესური ვარ, ამიტომ მთავარ საფრთხედ მიმაჩნია გაძვირებული ფული, ზედმეტად დარეგულირებული ფული. მე არ ვამბობ, რომ უნდა მიუშვას ვინმემ ყველაფერი ან ეროვნულმა ბანკმა არ უნდა აკონტროლოს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზომა, წონა... სხვა რა არის მისი აღმატებულება მენეჯმენტი, თუ არა კარგად მართვა?! ყველა მენეჯერი, ყველა ჩინოვნიკი კარგად უნდა მართავდეს იმ სფეროს, სადაც არის, რომ შედეგი დადგეს. ჩვენი საქმეა მათთან ოპონირება, ვინც ცუდად მართავს; ოღონდ ნიშნის მოგებით კი არა, მეგობრულად. პატარა ქვეყანა ვართ“, - თქვა ლაშა პაპაშვილმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები