აკადემიკოს ლადო პაპავას შეფასებით, დღეისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ყველაზე სუსტი წერტილი სამეთვალყურეო საბჭოს არასრული შემადგენლობაა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან შედგება, მაგრამ ამჟამად ის მხოლოდ 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა ( არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ), რომლებიც საბჭოს წევრები იყვნენ, თანამდებობები დატოვეს.
- ვეჭვობ, <2024 წლის საპარლამენტო> არჩევნებამდე ეროვნული ბანკის საბჭო დაკომპლექტდეს, რადგან ამისთვის აუცილებელია, საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის დისკრეციაა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა, შესაბამისი ინიციატივა გამოიჩინოს, მაგრამ ის <სალომე ზურაბიშვილი> დღეს მთავრობასთან კონფრონტაციულ რეჟიმშია გადასული.
- თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს წევრები წარუდგინა პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობამ წარდგენილი კანდიდატურები ჩააგდო იმ მოტივით, რომ მმართველ პარტიასთან არ იყო შეთანხმებული - არადა კანონი ამას არ ითხოვს სალომე ზურაბიშვილისგან...
- საქართველოს კონსტიტუციით გაწერილ ვალდებულებებს ხომ წარმატებით ასრულებს. არა?! ერთია კონსტიტუცია და მეორეა - მოლაპარაკება და კოლეგიალური თანამშრომლობა მთავრობასთან, რომელსაც ასევე არ იცავს. ამიტომ ეს პრობლემა <სებ-ის საბჭოს შევსება> ვერ გადაწყდება არჩევნებამდე, სანამ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი იქნება. რაც შეეხება შემდეგ ვითარების გაგრძელებას - ეროვნული ბანკი პოლიტიკური დაპირისპირების სფეროდან უნდა გამოვიყვანოთ.
- ეს როგორ უნდა მოხდეს?
- კონსტიტუციური საფუძვლები ამისთვის არსებობს...
- თუმცა ბოლო წლებში იყო საუბარი და როგორც ვიცი, სებ-ის წინა მენეჯმენტი IMF-ის ტექნიკურ მისიასთან ერთად მუშაობდა სებ-ის შესახებ ორგანული კანონის დახვეწაზე და მათ შორის სებ-ის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების ფუნქციის გაზრდაზე...
- სამწუხაროდ, სებ-ის კანონში ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა ლადო გურგენიძის პრემიერობის დროს. მაგალითად: სებ-ის საჭოს წევრები სულ სხვა დონეზე იყო წარმოდგენილი როგორც გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო, მაგრამ შემდეგ საბჭოს ფუნქცია დაკნინდა.
- დღეს სებ-ი არის მოწოდების სიმაღლეზე? ბევრი კითხვაა მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შარშან, სექტემბერში ნათია თურნავამ ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა, რასაც სამი ვიცე-პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა...
- შემოდგომაზე იყო სტრესი; სერიოზული რყევა ჩვენი საბანკო სისტემის და ჩვენი ეროვნული ვალუტის, მაგრამ მან რყევას გაუძლო.
- „საგამონაკლისო ბრძანების“ გამოცემას გულისხმობთ?
- რასაც მოჰყვა შემდეგ ვიცე-პრეზიდენტების დემარში. ზიანს ვის აყენდებდნენ? - საქართველოს საბანკო სისტემას.
- და ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემით ვინ ვის მიაყენა ზიანი და ვინ გააჩინა კითხვები?
- გეთანხმებით, ქრონოლოგიურად ეს ასეა... მაგრამ როცა თანამდებობაზე ინიშნები, ხომ უნდა გქონდეს იმის შეგნება, შენი გადაწყვეტილებით რას ავნებ?!
- ნათია თურნავას გულისხმობთ, რომელმაც ვიცე-პრეზიდენტებთან განხილვის გარეშე დამოუკიდებლად გამოსცა ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება?
- არა. მე ვგულისხმობ ვიცე-პრეზიდენტებს, რომლებმაც დემარში მოაწყვეს და გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. რა იყო მიზანი? - საბანკო სისტემის ჩამოშლა, რომელიც სჭირდება ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ ადამიანს?! ამიტომ როცა ამ თანამდებობაზე ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ.
- და თავად ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემის ლოგიკა გესმით? ვინმემ გაიგო რატომ და რისთვის გამოსცა ის ნათია თურნავამ, როცა ბანკებმა თქვეს, რომ ისინი გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციების დაცვას?!
- თუ ვიცე-პრეზიდენტები არ ეთანხმებოდნენ ბრძანებას, შეეძლოთ ოფიციალური განცხადება გაეკეთებინათ; ამას მათ არავინ უკრძალავდა.
- უკვე ვერაფერს ცვლიდნენ. ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება გამოცემული იყო...
- მათ უნდოდათ სისტემის ჩამონგრევა, მაგრამ სისტემამ მდგრადობა აჩვენა.
- ლოგიკას ვერ ვხედავ, რატომ შეიძლებოდა ეს ნდომებოდათ...
- მეც ვერ ვხედავ; ალბათ პოლიტიკური უმწიფრობის ეფექტი უფრო არის...
- დღეს ეროვნული ბანკის ყველაზე სუსტი წერტილი რა არის?
- არ არის ეროვნული ბანკის საბჭო სრულად დაკომპლექტებული.
- და არჩევნებამდე საბჭოს შევსების შესაძლებლობასაც ვერ ხედავთ?
- ვეჭვობ, რომ - ვერ, რადგან შეუძლებელია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეთანხმება შედგეს.