საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ირწმუნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის საბჭოს სრული დაკომპლექტებით დაინტერესებულია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დისკრეციაა პარლამენტს სებ-ის საბჭოში ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატები წარუდგინოს, „ოცნების“ დეპუტატი პრეზიდენტს ურჩევს, საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები გაიაროს. პაატა კვიჟინაძის თქმით, უმრავლესობისთვის სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატის მხარდაჭერის მთავარი კრიტერიუმია იყოს „ნეიტრალური და პროფესიონალი“.
- 7 თებერვალს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისევ გამოაცხადა განცხადებების მიღება სების საბჭოში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს და იქნება თუ არა მთავარი საზომი კანდიდატის პროფესიონალიზმი? წინა შემთხვევებს თუ გავიხსენებთ, ფაქტია, გიორგი ბაქრაძისთვის თუ დიმიტრი ჯაფარიძისთვის, რომელთა კანდიდატურები პარლამენტმა ჩააგდო, კომპეტენცია არ დაუწუნებია...
- ჩვენზე ძალიან არავინაა დაინტერესებული, რომ ეროვნულ ბანკში სიმშვიდე იყოს. ბანკი ფაქიზი თემაა და ხმაური არ უხდება, რადგან ეს იწვევს კითხვებს ინვესტორებში, გავლენა შეიძლება მოახდინოს ლარის კურსზე და ა.შ. ამიტომ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მალე დაკომპლექტდეს სებ-ის საბჭო, მით უმეტეს ჩვენი მხრიდან სსფ-სთან მიდის საუბარი... საქმე ისაა, რომ პლენარულ სესიაზე და კომიტეტების სხდომებზეც პრეზიდენტს ერთ რამეს ვეუბნებოდით - თქვენ ხომ ევროპელი ბრძანდებით თქვენი გაგებით და წარმოდგენით? ევროპაში და ამერიკაშიც ორი სუბიექტია, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს - ესაა პრეზიდენტი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს კანდიდატი და პარლამენტი, რომელმაც უნდა დაამტკიცოს. ამიტომ უნდა გაიმართოს კონსულტაციები...
- რა გიშლით ხელს - თქვენ პარლამენტში ხართ, რუსთაველის გამზირზე, ის ათონელზეა თავის რეზიდენციაში...
- ჩვენ ვეუბნებით, რომ გავმართოთ კონსულტაციები... სხვა რა ვქნა, ხომ არ მივეჭრები?
- პირადი კომუნიკაცია გქონიათ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს პრეზიდენტთან ან მის საპარლამენტო მდივანთან?
- იქ არ ზის ხოლმე პარლამენტში? - რამდენჯერმე ვუთხარი და ისედაც ვეუბნები...
- არაა ღია?
- თქვენ თუ გადაავლებთ თვალს ძველ საკომიტეტო სხდომებს, მისი <პრეზიდენტის> პასუხია, ჩემი უფლებაა კანდიდატის წარდგენა და თქვენი - დამტკიცებაო და მე წარმოვადგენ და თუ არ დაამტკიცებთ, ნუ დაამტკიცებთო...
- როგორი უნდა იყოს სებ-ის საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს?
- ნეიტრალური და პროფესიონალი...
- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ საჭიროა, პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების პარლამენტში წარდგენამდე უნდა გაიაროს კონსულტაცია? მაგალითად, უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულ CV-ებს გადაარჩევს - თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი?
- მე წარმომიდგენია ისე, როგორც აქამდე ხდებოდა ყველგან და ყველა დროში - ვიდრე პრეზიდენტი წარმოადგენდა კანდიდატებს პარლამენტში, იყო შეთანხმება...
- შეთანხმება ნიშნავს უბრალოდ კომუნიკაციას და ინფორმაციის გაცვლას წევრობის კანდიდატების შესახებ თუ შეთანხმებას, ვინ უნდა წარმოადგინოს?
- კომუნიკაცია უნდა იყოს... შეიძლება, ჩვენ ყველა არ მოგვწონდა, ვისაც პრეზიდენტი წარმოადგენდა ან მას არ მოსწონდა, მაგრამ რაღაცის გათვალისწინება უნდა მოხდეს...
- და მაინც რას გულისხმობთ, როცა ითხოვთ პრეზიდენტისგან კომუნიკაციას?
- ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად, როდესაც 10 კაცი აირჩევა, ვნახოთ, ვინ არიან ისინი და იმ ოთხ კაცზე <სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე> რაღაცნაირად შევთანხმდეთ - მე ვიტყვი, რომ ამ კანდიდატზე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, ის იტყვის, რომ მე - ამაზე... რაღაცას ჩვენ დავთმობთ, რაღაცას - ის და გამოვა შეთანხმება. ეს არის ევროპული და ამერიკული კომუნიკაცია. აშშ-ში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ელჩებს წარადგენს პრეზიდენტი, მაგრამ ამტკიცებს საკანონმდებლო ორგანო. სადმე გაგიგიათ, რომ არ დამტკიცებულა?! წინასწარ მიდიან, ათანხმებენ და წყდება საკითხები...
- თქვენ რატომ ვერ თანხმდებით - ერთ ენაზე ხომ საუბრობთ?
- ჩვენ მივმართეთ... ქალბატონ სალომეს <ზურაბიშვილს> რასაც ვერ დაუკარგავ, ძალიან პრინციპულია... მე არ უარვყოფ იმას, რომ თუ წარმოადგინა პროფესიონალი, ნეიტრალური კანდიდატი, ჩვენ მხარი დავუჭიროთ. სხვათა შორის, სულაც არ სჭირდება ახალი კანდიდატების შერჩევა. წინა შერჩევის დროსაც არიან ქალბატონი სალომეს მიერ შერჩეული კანდიდატები, რომელსაც მხარი დაუჭირა, თქვა, რომ კარგი <კანდიდატურებია> და შემდეგ არ წარმოადგინა პარლამენტში - იმ სიიდანაც შეიძლება არჩევა.
- ვინ არიან - მინიშნება მივცეთ პრეზიდენტს, ვის შეიძლება მხარი დაუჭიროს საპარლამენტო უმრავლესობამ...
- ყველამ კარგად იცის, გამოქვეყნებული იყო... საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ამ <ახალ> კანდიდატებსაც დაეჭიროს მხარი, თუ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყოს, თუ ის რადიკალური ოპოზიციის წევრია და ვფიქრობთ, რომ შეიძლება, სებ-ში რაღაც გააფჭოს, იმას მხარს არ დავჭერთ.
- გიორგი ბაქრაძეს რა უნდა გაეფუჭებინა სებ-ში?
- კონკრეტულ პიროვნებებზე მე არ ვისაუბრებ.
- მოკლედ, რა იქნება საპარლამენტო უმრავლესობისთვის გადამწყვეტი კრიტერიუმი - დაუჭიროს თუ არა მხარი პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს?
- თუ ისინი იქნებიან დამოუკიდებლები და პროფესიონალები, მხარს დავუჭერთ. თუ არ იქნებიან, დაველოდებით შემოდგომამდე, როცა ყველანაირი არჩევნებია და შემდეგ ხალხი გადაწყვეტს...