მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში წევრთა რაოდენობა, შესაძლოა, 11-მდე გაიზარდოს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში წევრთა რაოდენობა, შესაძლოა, 11-მდე გაიზარდოს. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სებ-ის საბჭოში წევრების გაზრდის სურვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან გამოითქვა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საბჭო 9-წევრიანია, მაგრამ ამჟამად საბჭოში 5 წევრია და მათგან სამი აღმასრულებელია (ვიცე-პრეზიდენტები: ნათია თურნავა, ნათია მიქაბაძე და ეკა გალდავა) და მხოლოდ ორი წევრია არაღმასრულებელი - ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი.

როგორც პაატა კვიჟინაძე ამბობს, IMF-ის სურვილია, სებ-ის საბჭოში არაღმასრულებელი წევრების რაოდენობა „გარანტირებულად მეტი იყოს“.

“წერტილთან“ ინტერვიუში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა IMF-ის შეჩერებული პროგრამის მიზეზებსა და აღდგენის შესაძლებლობებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს სრულად დაკომპლექტებით მმართველი ძალაც დაინტერესებულია.

IMF საქართველოში პროგრამის შეჩერების ორ მიზეზს ასახელებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ენდრიუ ჯუველთან

- რამდენჯერმე შევხვდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის როგორც ადგილობრივ წარმომადგენელს, ასევე - ევროპის წარმომადგენელს. მათთან მქონდა საუბარი. გვითხრეს, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ჩვენთან უნდა შეგეთანხმებინათო - ეს უფრო წყენა იყო. დანარჩენი მათთვისაც გასაგები იყო და შემდეგ ისინიც გაგებით მოეკიდნენ, როცა ავუხსენით, რა მოხდებოდა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო... საბოლოოდ, ისე დავშორდით, რომ რაც იყო, იყო...

- როგორც ჩანს, მთლად გაგებით არ მოკიდებიან, რადგან IMF-ის პროგრამის მიმოხილვები შეჩერებულია...

- პროგრამის მიმოხილვები შეჩერდა, მაგრამ მათ გვითხრეს, რომ ისინი არიან ძალიან კმაყოფილები იმისთვის, რისთვისაც სერთოდ არიან საქართველოში; იმ მომენტში ჩვენ გვქონდა იდეალური ბიუჯეტის დეფიციტი, ვალის ფარდობა მშპ-სთან, ამიტომ გვითხრეს, განცვიფრებული ვართ ძალიან კარგი შედეგისთვისო. რაც შეეხება სებ-ის შესახებ კანონს, შევთანხმდით, რომ მოგვაწოდებენ ინფორმაციას. დასამალი არაა, რომ ისინი ითხოვდნენ, სებ-ის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა გაზრდილიყო. ჩვენ ვუთხარით, რომ კი ბატონო...

- სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებებზე აქტიური მუშაობა დაწყებული არის?

- როგორც უკვე აღვნიშნე, სავალუტო ფონდთან შევთანხმდით, რომ მათთან კონსულტაციით, ისინი წარმოგვიდგენენ წინადადებებს, რა ცვლილებები შეიძლება იყოს სებ-ის საბჭოსთან დაკავშირებით რაოდენობრივ და ხარისხობრივ ნაწილში. ჩვენ ველოდებით ამ თემას. მეტი კომუნიკაცია მერე არ მქონია, მაგრამ როგორც ვიცი, ეროვნულ ბანკთან არის კონსულტაცია და როცა წარმოგვიდგენენ, განვიხილავთ... მე პირადად განწყობილი ვარ, რომ რაზედაც საუბარია იმას მხარი დავუჭიროთ.

- IMF-ისგან არის უფრო კონკრეტული დათქმები, რა უნდა გაკეთდეს, რათა პროგრამა აღდგეს?

- საბჭო უნდა დაკომპლექტდეს, მაგრამ მათ იციან, ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული; ესმით ყველაფერი და გაგებით ეკიდებიან, ჩვენთან პრეტენზია არ ჰქონიათ. ისინი გვეუბნებიან, რომ როცა დაკომპლექტდება საბჭო, იქნებ ცხრის მაგივრად კიდევ გავზარდოთ საბჭოში წევრთა რაოდენობა, რათა არააღამსრულებელი წევრების რიცხვი გარანტირებულად ბევრი იყოს.

- რამდენი უნდა გახდეს საბჭოში წევრების რიცხვი?

- კონკრეტულად საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ალბათ 11-მდე...

- მაშინ კიდევ უფრო მეტი შესათანხმებელი გექნებათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომლის დისკრეციაა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა... კიდევ ერთი კითხვა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა გადაცემა „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მათი რეკომენდაციაა, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შევიდეს ისეთი ცვლილებებიც, რომელიც მთლიანად საბჭოს გააძლიერებს. „სებ-ის პრეზიდენტს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეეძლოსო“ - თქვა ჯუველმა... იზიარებთ?

- მთლად მასე არ არის, მაგრამ პრინციპში, საბჭოს თემას ვეთანხმები, რომ გაძლიერდეს...

- სებ-ის პრეზიდენტმა თუ მოვალეობის შემსრულებელმა ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების მსგავსი დოკუმენტები ვიცე-პრეზიდენტებთან და სებ-ის საბჭოს სხვა წევრებთან კონსულტაციის შედეგად გამოსცეს და არა - ერთპიროვნულად, ეს უფრო სწორი არ იქნება?

- ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს... ძალიან კარგი.

სებ-ის საბჭოს წევრების 11-მდე გაზრდა რომ განიხილება, ამაზე რამდენიმე კვირის წინ გადაცემა "ანალიტიკაში" ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმაც ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები