მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF საქართველოში პროგრამის შეჩერების ორ მიზეზს ასახელებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ენდრიუ ჯუველთან

ენდრიუ ჯუველი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი გადაცემა “ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ფონდმა $280-მილიონიანი პროგრამის მიმოხილვა შეაჩერა. ამასთან, ჯუველი განმარტავს, რომ პროგრამა შეწყვეტილი არაა და ის შეჩერებულია.

როგორც IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი აღნიშნავს, ეს განაპირობა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამ და სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებამ. პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესიც მიიღო, რაც ჯუველის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სისტემის შესახებ გაურკვევლობას ზრდიდა.

IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან დიალოგი გრძელდება.

ექსკლუზიური ინტერვიუ ენდრიუ ჯუველთან:

– საქართველოს აქვს პროგრამა. პროგრამა 2022 წელს დავამტკიცეთ 280 მილიონ–დოლარიანი პროგრამაა. მთავრობა ამ პროგრამას სესხებისთვის არ იყენებს. უფრო როგორც სიგნალს ინვესტორებისთვის, რომ ის ატარებს ჯანსაღ ფისკალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას.

- ამდენად პროგრამა არც შეჩერებულია და არც შეწყვეტილი?

– არა, ის არ არის შეწყვეტილი.

- ჩვენამდე ასე მოდის ეს ინფორმაცია.

– ეს არის გაუგებრობა. პროგრამა 2022 წლის ივნისში დამტკიცდა. პროგრამის პირველი მიმოხილვა დეკემბერში დამტკიცდა. მეორე მიმოხილვა, და ეს იწვევს სწორედ ამ გაუგებრობას უნდა დასრულებულიყო შარშან ივნისში, მაგრამ ის არ დასრულებულა, რადგან საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში და დაამატა პირველი ვიცე–პრეზიდენტის პოსტი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ასუსტებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მის დამოუკიდებლობას. ამდენად, ჩვენ გადავდეთ მეორე მიმოხილვის დასრულება. მესამე მიმოხილვა შარშან შემოდგომაზე უნდა ყოფილიყო, ესეც გადაიდო – მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა საკუთარი დამოკიდებულება საერთაშორისო სანქციების მიმართ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ გადაწყვეტილებას გაურკვევლობა შეჰქონდა ფინანსური სისტემის საქმიანობაში. გამოდის, საქართველოს აქვს პროგრამა, მაგრამ ერთ წელზე მეტია არცერთი მიმოხილვა აღარ დასრულებულა.

- ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სავალუტო მისიის ტექნიკური ჯგუფები ამ ეტაპზეც მუშაობენ ხელისუფლებასთან რეფორმებზე – მაგალითად, იგივე კანონზე სებ–ის შესახებ?

– დიახ. დიალოგი გრძელდება. ტექნიკური დახმარების ჯგუფები მუდმივად ჩამოდიან საქართველოში. მათ შორის, ვმუშაობთ სებ–თანაც, როგორც თქვენ ახსენეთ. მარტში ჩამოდის კიდევ ერთი ჯგუფი - რასაც ჩვენ ვუწოდეთ მეოთხე მუხლის ჯგუფს – ეს ეკონომიკური მონიტორინგია, რომელსაც ჩვენ ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოში ვატარებთ – ეს არ არის პროგრამის მიმოხილვის ჯგუფები, მიმოხილვები ჯერ ისევ არ დაგვიწყია – მაგრამ დიალოგი არსებობს და თანამშრომლობა გრძელდება", - აღნიშნავს ჯუველი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ BMG TV-ზე გადაცემა "ანალიტიკას" 7 თებერვლის ეთერში 16:05-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები