საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი გადაცემა “ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტური პოზიციები კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება მოხდეს.
ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც კანონის მიხედვით 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს ამჟამად მხოლოდ 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული, რაც მინიმალური ზღვარია იმისთვის, რათა საბჭო ქმედუნარიანად ფუნქციონირებდეს და გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ენდრიუ ჯუველი საუბრობს, უკავშირდება სებ-ში გადაწყვეტილებების მიღების წესს. ჯუველი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საბჭო იყოს ჩართული და პრეზიდენტს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეეძლოს.
"სებ–ის საბჭოში დღეს 4 ვაკანსიაა. საბჭოში 9 ადგილია: 4 აღმასრულებელი, 5 – არა აღმასრულებელი. დღეის მდგომარეობით 4 ადგილი ვაკანტურია. კარგი იქნებოდა, ამ პოზიციების შევსება კვალიფიციური კადრებით. ეს არის ერთი მიმართულება, სადაც დავინახავდით წინსვლას. ჩვენ გვინდა თანამდებობის ცვლილების მკაფიო გეგმის არსებობა სებ–ის შესახებ კანონში – ასეთი რამ დღეს არ არის. აღვნიშნე, საბჭოს 4 აღმასრულებელი და 5 არა აღმასრულებელი წევრების არსებობა – ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ არააღმასრულებელი წევრების საზედამხედველო ფუნქცია. და კიდევ ერთი რეფორმა, რომელსაც ხაზს გავუსვამ – სებ–ში დღეს საპრეზიდენტო მოდელი მუშაობს, როცა პრეზიდენტს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ჩვენ ვფიქრობთ, კარგი იქნებოდა კოლეგიალურ მოდელზე გადასვლა – როცა პრეზიდენტს გადაწყვეტილებების მისაღებად საბჭოს სხვა წევრების მხარდაჭერა დასჭირდება", - განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად სებ-ის საბჭოს წევრების წარდგენის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს აქვს.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით კონკურსს ჩაატარებს და აპლიკანტებისგან განცხადებებს 23 თებერვლის ჩათვლით მიიღებს.
ამჟამად ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა მართავს. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.
2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.