ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად იწყება კანდიდატურების შერჩევის პროცესი, განცხადებების მიღება კი 23 თებერვალს დასრულდება, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2024 წლის 23 თებერვლამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მატერიალურად ან ელექტრონულად (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25; ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@president.gov.ge) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტებთან ერთად.
აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ნასამართლობის შესახებ.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს "საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (https://matsne.gov.ge/document/view/101044?publication=61)", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.
2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად სებ-ის საბჭოს წევრების წარდგენის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს აქვს.