მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავამ Visa-ს რეგიონულ მენეჯერს განაკვეთების შედარების პლატფორმის შექმნაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა Visa-ს წარმომადგენლებს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საგადახდო სისტემის განვითარება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ფინანსური განათლების საკითხები და სებ-სა და Visa-ს შორის თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები განიხილეს.

სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინის, საქართველოს, დსთ-ისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ქვეყნის მენეჯერი სერგი მარტინჩუკი და Visa-ს კავკასიისა და მოლდოვის რეგიონული მენეჯერი დიანა კიღურაძე. ასევე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ Visa-ს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სებ-ის მიერ შექმნილი საგადახდო მომსახურებების საკომისიოებისა და კომერციული ბანკების სადეპოზიტო პროდუქტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმის შექმნის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.

ეროვნული ბანკის ახალი პლატფორმა 16 ივლისს ამოქმედდა და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ერთიან სივრცეში შეადარონ სხვადასხვა ბანკისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის პირობები, მათ შორის საკომისიოები და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „თბილისის ფინანსურ სამიტზე“, რომელიც 27-28 ოქტომბერს გაიმართება. Visa, გასული წლის მსგავსად, წელსაც სამიტის მხარდამჭერი იქნება.

სებ-ის თანახმად, Visa საქართველოში 25 წელზე მეტია ოპერირებს და ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში მონაწილეობს. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში Visa-ს აქტიური ბარათების რაოდენობამ 1.9 მილიონს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები