ლიცენზირების მოთხოვნების შერბილება საკმარისი არაა იმისთვის, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოს ბაზარზე შემოსვლით დაინტერესდნენ - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი აცხადებს.
როგორც გიორგი კეპულაძე BMG-სთან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასებისას აცხადებს, ბაზარზე კონკურენციის გაზრდა კარგი განზრახვაა, თუმცა მხოლოდ შემოთავაზებული ცვლილებების საფუძველზე ნაკლებსავარაუდოა, რომ საქართველოში შემოსვლით საერთაშორისო ბანკები დაინტერესდნენ.
მისივე თქმით, ამ მოლოდინს ამყარებს ის გარემოებაც, რომ გასულ წლებში შედარებით მცირე ბაზრის გამო, საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ბანკმა დატოვა.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნოთ, რომ არაფერი ცუდი კონკურენციის ზრდაში არ არის. ჩვენ ამას წლებია ვამბობთ, რომ საჭიროა რაც შეიძლება მეტი კონკურენცია ბიზნესის ყველა დარგში, არა მხოლოდ ბანკების კუთხით, მით უმეტეს კომერციულ ბანკებში, სადაც მთავრობა და მმართველი ძალა აღიარებს, რომ მაღალი კონცენტრაციაა და ორ ბანკს ბაზრის დიდი წილი უჭირავს. მაგრამ ეს მდგომარეობა გუშინ და დღეს არ შექმნილა და უცებ ხვალ ეს ვერ შეიცვლება. ჩვენ გვახსოვს, მათ შორის, ამ ბანკების გამსხვილების პროცესი როგორ მიდიოდა და ამან ათწლეულზე მეტი დრო მოიცვა. შესაბამისად, ახლა ერთი ხელის მოსმით ამ ყველაფრის გაქრობა ძალიან გაჭირდება. ვთქვათ, გავეცით გამარტივებული ლიცენზია რეპუტაციულ საერთაშორისო ბანკზე როგორებიც ჩვენ აქ გვყავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პატარა ბაზრის გამო, ძირითადად, გავიდნენ ისინი ამ ქვეყნიდან. ჩვენ აქ დიდი საერთაშორისო ბანკების ფილიალი დიდი ხანია არ გვქონია. თუ ფიქრობენ, რომ ლიცენზირების შერბილება მათ შემოიყვანს, კი ბატონო, გააკეთონ. მაგრამ მე არ მგონია ეს საკმარისი იმისთვის, რომ კარგი საერთაშორისო რეპუტაციული ბანკები მაინცდამაინც ამ პატარა ბაზარზე შემოსვლით დაინტერესდეს.
თავად ქართული ბანკები ცდილობენ, რომ მეზობელ ქვეყნებში, საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ, იმიტომ რომ აქ პატარა ბაზარია, მომხმარებელთა რაოდენობა შეზღუდულია, 2 მილიონ-ნახევარ მომხმარებელს ვერ გასცდები და დაკრედიტების კუთხითაც, თუ ვინმე დასაკრედიტებელი იყო მგონი, ყველა შევსებულია. შესაბამისად, არ ვიცი რამდენად მზად არის აქ ბაზარი ახალი დიდი მოთამაშეების მისაღებად“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების უკან „ქართული ოცნების“ წევრების ინტერესებიც იყოს.
„ამიტომ ცოტა რთულია „ქართული ოცნების“ ზრახვები წინასწარ გამოცნობა, რა უნდათ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. რაიმე კომერციული და ბიზნესინტერესი შეიძლება აქვთ, იმიტომ რომ, ძირითადად, მილიონერებით და ბიზნესმენებით არის დაკომპლექტებული ჩვენი მმართველი ძალა ქვეყნის და პარლამენტის მით უმეტეს. შესაბამისად, მათ შეიძლება თავისი ინტერესებიც ჰქონდეთ, ვიღაც ბიზნესპარტნიორების შემოყვანა უნდოდეთ, მაგრამ ჩვენ ჯერ ეს ყველაფერი არ ვიცით. ვხედავთ, რომ ეს შეფუთულია იმით, რომ გვინდა, რომ კონკურენცია გავზარდოთ. როგორ ზრდიან კონკურენციას, ესეც ძალიან საინტერესო იქნებოდა. მხოლოდ, შემოვიდა ერთი უცხოური ბანკი და ერთი ფილიალი გააკეთა, ანუ რა ნაწილი უნდა წაიღოს ამან ბაზრის?“, - განაცხადა გიორგი კუპულაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის დაფუძნება და საბანკო ლიცენზიის მიღება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი, თუ ბანკი სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი.
როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ამბობს, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, სექტორში კონკურენციის ზრდა, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომ საპროცენტო განაკვეთში აისახება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ინიციირებული ცვლილებები ქართულ ბაზარზე ახალი საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.
























