მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონმდებლობის გამარტივება საქართველოში ახალი ბანკების შემოსვლას შეუწყობს ხელს | ნათია თურნავა

ნათია თურნავა ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ უცხოური მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკებისთვის საქართველოში საბანკო ლიცენზირების პროცედურების გამარტივება ქართულ ბაზარზე ახალი საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თურნავას შეფასებით, ბოლო წლებში დაგროვილმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქართველოს საფინანსო ბაზარზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის გარკვეული საკანონმდებლო ბარიერების შემცირება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, არსებობს ინტერესი როგორც უკვე მოქმედ ბანკებში ახალი ინვესტორების შესვლის, ისე საქართველოში ახალი საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების დაფუძნების მიმართ.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ კუთხით კანონმდებლობის გამარტივება ხელს შეუწყობს ამ პროცესს და დაგროვილ გარკვეულ გამოწვევებს ვპასუხობთ ამით. ჩვენი საფინანსო ბაზარი არის ნომერ პირველი მიმზიდველი ინვესტორებისთვის. წლების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ლიდერობს. არის ინტერესი, რომ როგორც არსებულ საბანკო ინსტიტუტებში შემოვიდნენ ახალი ინვესტორები, ასევე ახალი საბანკო-საფინანსო ინსტიტუტები გაიხსნას საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი კონკრეტული უცხოური ბანკის ინტერესს არ უკავშირდება. სანდო ბანკებისა და ქვეყნების განსაზღვრისთვის ეროვნული ბანკი კონკრეტულ ჩამონათვალს არ შეადგენს და გადაწყვეტილებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით მიიღებს.

„რაც შეეხება სანდო ბანკის სტატუსს, სანდო ქვეყნის სტატუსს, ჩვენ არ ვაწარმოებდით და არ ვაწარმოებთ კონკრეტულ ჩამონათვალს. უბრალოდ განვსაზღვრავთ კრიტერიუმებს, რაც დამოკიდებული იქნება მათ საზედამხედველო პოლიტიკის ჩარჩოზე, მათ რეიტინგებზე, ასევე კონკრეტული ინსტიტუტის, საბანკო ინსტიტუტის რეიტინგზე და ამ კუთხით შევაფასებთ თითოეულ ინვესტორს. ეს პირიქით გაამარტივებს წვდომას ჩვენს ბაზარზე. რაიმე კონკრეტული ინვესტორი აქ არ განიხილება, მაგრამ მთლიანობაში ვხედავთ ძალიან გაზრდილ ინტერესს და ყველანი ვართ დაინტერესებულები, რომ კონკურენცია გაძლიერდეს ჩვენს ბაზარზე, მაგრამ ეს მოხდეს გამჭვირვალე და ძლიერი ჩარჩოს ფარგლებში“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

საუბარია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელთა საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში 3 ნოემბერს დარეგისტრირდა. ინიციატივის ავტორები პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ამავე კომიტეტის წევრები არიან.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის დაფუძნება და საბანკო ლიცენზიის მიღება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი, თუ ბანკი სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი.

ამასთან, საკრედიტო რეიტინგთან ერთად, ბანკს უნდა ჰქონდეს მაღალი ცნობადობა, კარგი რეპუტაცია, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალე მფლობელობის სტრუქტურა.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს „უცხოური სანდო ბანკის“ განმარტების გაფართოებას. მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი ბანკი განვითარებული ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა საქმიანობდეს, ახალი რედაქციით კი სანდო ქვეყნების იდენტიფიცირების პრინციპებს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს.

სებ-ს კანონპროექტის ამოქმედებიდან 12 თვე ექნება იმისთვის, რომ დაადგინოს სანდო ქვეყნების იდენტიფიცირების პრინციპები, მისაღები საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების ჩამონათვალი და საკრედიტო რეიტინგის მინიმალური დონე.

ცვლილებების თანახმად, უცხოურ ბანკებს ლიცენზიის მისაღებად აღარ მოეთხოვებათ ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს, მფლობელობის შუალედურ რგოლებსა და საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეებს. ასევე, განაღდებული კაპიტალის ოდენობის ნაცვლად, ლიცენზიის მაძიებელი ბანკის საზედამხედველო კაპიტალი ეროვნული ბანკის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ცვლილებების მიზანი საქართველოში სანდო რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შემოსვლის წახალისება, საბანკო სექტორში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მრავალფეროვნების გაზრდა და კონკურენციის გაძლიერებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები