საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის სწორმა და წარმატებულმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომამ ისტორიულ მაქსიმუმს 7.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ერთ წელში 52%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკი. გასულ თვეში ჩვენმა სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. წლიურ ჭრილში ჩვენი სავალუტო რეზერვები გაიზარდა 52%-ით. ეს არის ეკონომიკური წარმატებისა და ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის საქმიანობამ ასევე ხელი შეუწყო ლარის კურსის გამყარებას ბოლო პერიოდში.
"მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტს მათი ძალისხმევისა და საქმიანობისთვის. ასევე მათი საქმიანობის შედეგია ის, რომ ლარის კურსი გამყარდა გასულ თვეებში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთლიანობაში ეს ტენდენციები შევინარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 116 მილიონი დოლარით გაიზარდა და 7.12 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შემადგენლობაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.2%-ს შეადგენს.
რეზერვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციებით. 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის საშუალებით ჯამურად 2.08 მილიარდი დოლარის მოცულობის სავალუტო შესყიდვები განახორციელა.
კერძოდ, 2026 წლის განმავლობაში სებ-ის სავალუტო ინტერვენციები შემდეგნაირად გამოიყურება: იანვარში განხორციელდა 86.6 მილიონი დოლარის წმინდა შესყიდვა, თებერვალში - 429.3 მილიონი დოლარის, მარტში კი 16.2 მილიონი დოლარის წმინდა გაყიდვა. აპრილში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 333.3 მილიონი დოლარი შეადგინა, მაისში - 632.9 მილიონი დოლარი, ხოლო ივნისში - 612.6 მილიონი დოლარი.




























