PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევის პროცესი, კონსტრუქციულს უწოდებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
სებ-ის 9-წევრიანი საბჭოს პროფესიონალებით დაკომპლექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში IMF-ის მუმდივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუველმა გადაცემა „ანალიტიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც BMGTV-ზე დღეს გავიდა.
"ამ ინტერვიუმ გვაჩვენა, რამდენად კრიტიკულია IMF-ისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის სტრუქტურა, გამჭვირვალობა და ზოგადად, ამ ინსტიტუტის ქმედუნარიანობა. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს მოხერხდეს, საჭიროა, კონკრეტული ცვლილებები და მათ შორის, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ სებ-ის სამეთვალყურეო საბჭო იყოს ფორმირებული და მომავალში, მის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით კითხვები არ იყოს.
ვიცით, რომ სებ-ის საბჭოს ფორმირების პროცესში რამდენიმე ინსტიტუტი მონაწილეობს. ესაა პრეზიდენტი, რომელიც ორგანული კანონის თანახმად, წარადგენს საბჭოს წევრობის კანდიდატურებს და პარლამენტი, რომელმაც კანდიდატები ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად უნდა დაამტკიცონ.
შესაბამისად, ამ ინსტიტუტების მხრიდან, საჭიროა კეთილი ნება, რომ ეს პროცესი კონსტრუქციულ ეტაპზე გადავიდეს. კონსტიტუციის მიხედვით, ამ პროცესის პირველი ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტი და ვფიქრობ, მისასალმებელია მისი გადაწყვეტილება, მიუხედავად რამდენიმე უარყოფითი გამოცდილებისა, როცა მისი წარდგენილი კანდიდატურები პარლამენტმა არ დაამტკიცა.
ფაქტია, ის <სალომე ზურაბიშვილი> ამ პროცესს ხსნის და შესაბამისად, მომავალი ნაბიჯები დამოკიდებულია პარლამენტთან კომუნიკაციაზე. სასურველია, უფრო მეტი საჯარო კომუნიკაცია რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ რამდენიმე თვეში სრულად დაკომპლექტებული ეროვნული ბანკის საბჭო მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან შედგება, მაგრამ ამჟამად ის მხოლოდ 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული.