PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების მიზნით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევის პროცესის დაწყებას მიესალმება.
"პრეზიდენტის გადაწყვეტილება კონსტრუქციულია“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, მაგრამ იმ რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის გამოც, შესაძლოა, პროფესიონალმა ადამიანებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში CV-ების შეტანისგან თავი შეიკავონ.
"წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი ხიშტოვანმა ის შემთხვევები გაიხსენა, როდესაც სალომე ზურაბიშვილის მიერ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურებს საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი მხოლოდ იმიტომ არ დაუჭირა, რომ პრეზიდენტმა ისინი მმართველ პარტიას არ შეუთანხმა.
მაგალითად: 2023 წლის ბოლოს პარლამენტმა დაბლოკა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე. რამდენიმე წლის წინ, 2019 წელს გიორგი ხიშტოვანიც იყო ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი მიროტაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პარლამენტს წარუდგინა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი სებ-ის საბჭოში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადების შეტანას არ აპირებს, მაგრამ ამბობს, რომ ზემოთ აღნიშნული შემთხვევები, შეიძლება, სხვებისთისაც შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.
- პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არსებული დაპირისპირების გამო, შესაძლოა, თვითონ კანდიდატებსაც გაუჩნდეთ სერიოზული წუხილები იმის თაობაზე, რამდენად შესაძლებელია, საკითხი გადაწყდეს ღირებულებების, უნარების, კვალიფიკაციის პრინციპების მიხედვით და ეს პროცესი პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ გადავიდეს. აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პროფესიონალი შეიძლება ორჯერ დაფიქრდეს, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესი არაა გამჭვირვალე. ბოლო პერიოდში პარლამენტის წევრების მხრიდან ვისმენდით, რომ მათ კითხვები უშუალოდ კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით არ ჰქონდათ.
- რა შეიძლება დაეხმაროს სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველ პროფესიონალ და წესიერ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღებაში - შეიტანონ CV პრეზიდენტის ადმინისტრაციაში?
- ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პოზიციის დაფიქსირება, რომ სებ-ის საბჭოს წევრების შერჩევის და დამტკიცების კრიტერიუმი იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიკაცია და მიუკერძოებლობა. თუ ასეთი საჯარო განცხადება გაკეთდება, ეს ბევრს მისცემდა არგუმენტს, რომ გადაწყვეტილების პროცესი დაფუძნებული იქნება ღირსებასა და კვალიფიკაციაზე და არანაირ როლს არ თამაშობს სხვა გარემოება. მსგავსი საჯარო განცხადება, შეიძლება საკმარისი არ იყოს, მაგრამ ამ პროცესს დაეხმარებოდა.