PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით 8%-მდე შერბილებით, „პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო“.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, განაკვეთის შემცირებით სებ-ი, ფაქტობრივად, იზიარებს ხელისუფლების ნარატივს იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, ამიტომ ინფლაციის დაბალი დონე (1.5%) მონეტარული პოლიტიკის მცირედით შერბილების შესაძლებლობას იძლეოდა.
ამასთან, PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის აზრით, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განცხადებაში ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების ჩამონათვალიდან გამომდინარე, უფრო ლოგიკური არა - განკვეთის შემცირება, არამედ გაზრდა ან უცვლელად დატოვება იქნებოდა.
„თუ 10 ეკონომისტს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განცხადებას წააკითხებთ, უმრავლესობა გეტყვით, რომ სებ-მა განაკვეთი უცვლელად დატოვა ან მცირედით გაამკაცრა“, - აღნიშნა მან.
„მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია. ამასთან, სებ-ის შეფასებით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. შესაბამისად, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5.6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის“ .
გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განცხადების შინაარსი ადეკვატურია და რისკებიც სწორად არის აღწერილი, ამიტომაც სებ-ის გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს.
„სანამ კრიზისი დაიწყებოდა, რეფინანსირების განაკვეთის მყისიერი შემცირება იყო დაგეგმილი; ეს იკითხებოდა სებ-ის წინა გადაწყვეტილებებში. ამდენად, ვფიქრობ, დღეს უფრო პოლიტიკური ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შენარჩუნებულიყო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების ტრენდი და ჩამოსულიყო 8%-მდე, როგორც სიგნალი, რომ არ არსებობს ინფლაციაზე მოქმედი მაღალი რისკები, რატომაც სებ-ს განაკვეთი უნდა გაეზარდა ან უცვლელი დაეტოვებინა“, - განმარტა მან.
გარდა ამისა, PMC კვლევითი ცენტრის დირექტორისთვის, გადაწყვეტილებასთან შეუსაბამოა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განცხადების ბოლო ნაწილი, სადაც წერია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო“.
„ასეთი ტერმინოლოგიით განცხადების დასრულება, როგორც წესი, სტატუს-კვოს შენარჩუნების დროს ხდება, ამიტომაც განაკვეთის მცირედი კლება, ვფიქრობ, ნაკარნახევი იყო წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკით და ინფლაციის არსებული დონით, ვიდრე იმ ნარატივით, რაც სებ-ისვე განცხადებაში იკითხება“, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.
„წერტილის“ წამყვანის კითხვაზე - შესაძლოა თუ არა, სინამდვილეში, ეროვნული ბანკის მენეჯმენტი ეკონომიკური აქტივობის შემცირების და შესაბამისად, დეფლაციის რისკებს უფრო ხედავს და ამიტომაც შეარბილა განაკვეთი - გიორგი ხიშტოვანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „სრული სტაბილურობაა - ეს არის სებ-ის სიგნალი“.
„ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება და ჩვენც შესაბამისად, ვმოქმედებთ. სებ-ი ჯდება საერთო ნარატივში... ფაქტობრივად, ფაქტობრივად, დღევანდელი გადაწყვეტილებით, გარემო ფაქტორების (შესაძლო სანქციები, ლარის კურსის აჟიოტაჟური რყევა) უგულებელყოფა ხდება, მაგრამ სებ-ის პრესრელიზში ეს ირიბად არის ნახსენები და ამიტომაც მომეჩვენა, რომ ტექსტი გადაწყვეტილების შეუსაბამოა“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.