PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის წარდგენილი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
როგორც გიორგი ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭო დროულად დაკომპლექტდეს, ამ პროცესს კი მმართველი გუნდი აჭიანურებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტი დღეს ფაქტობრივად საბოტაჟს უწევს ამ პროცესს და გამოდის, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი განხილვის გარეშეა დაბლოკილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი არც კი აპირებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური უფლების გამოყენების შემდეგ მის კონსტიტუციურ ვალდებულებას გაუწიოს ანგარიში. თუმცა იქიდან გამომდინარე როგორც ვითარდებოდა ურთიერთობები ხელისუფლების შტოებს შორის, არაა გასაკვირი, რომ ამ პროცესმა ასეთი მიმართულება შეიძინა. ყველა საერთაშორისო პარტნიორმა განაცხადა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს სრული დაკომპლექტება და ერთადერთი რგოლი რჩება საქართველოს პარლამენტი, რომელიც თავისი ვალდებულებას არ ასრულებს. ამას წმინდა პოლიტიკური დატვირთვა აქვს და სამწუხაროა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის საბჭო როგორიცაა ეროვნული ბანკი, დაუკომპლექტებელი რჩება“ , - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
რაც შეეხება საკითხს, რა პრობლემებს ქმნის ის გარემოება, რომ ამ დრომდე ეროვნული ბანკის საბჭო არაა სრულად დაკომპლექტებული და 9-დან 4 წევრის პოსტი კვლავ ვაკანტურია, PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„აქ რამდენიმე სახის პრობლემაა - პირველი ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ, თუ რამდენად პოლიტიზირებულია ეროვნული ბანკის მმართველობითი სტრუქტურის დაკომპლექტება, რაც უარყოფითად აისახება ამ ინსტიტუტის სანდოობაზე. ამასთან, ვიცით, რომ ეროვნული ბანკის მმართველობით სისტემაში კვალიფიციური კადრები დაგვაკლდა, მას შემდეგ, რაც სამმა ვიცე-პრეზიდენტმა ფაქტობრივად ერთდროულად დატოვა თანამდებობა. ეს იყო სერიოზული შეშფოთების მიზეზი პარტნიორებში და საფინანსო სექტორში. პარლამენტის მხრიდან კი ამაზე პასუხი საკონსტიტუციო წესრიგით განსაზღვრული პროცესის იგნორირებაა, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწვეულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მისი წარდგენილი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურა არ განუხილავთ.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, პარლამენტი კანდიდატებს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ პრეზიდენტი ყველა მათგანს ერთად წარადგენს. ამ ეტაპზე, ზურაბიშვილმა პარლამენტს ასარჩევად მხოლოდ ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა წარუდგინა.