მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი თანამდებობიდან ოფიციალურად 2 თვეში გადადგება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ნანა ყეინიშვილის ოფიციალური წერილი პარლამენტში დღეს, 28 ოქტომბერს დარეგისტრირდა. შესაბამისად, კანონით დადგენილი ორთვიანი ვადის გათვალისწინებით, ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადამდგარად 29 დეკემბრიდან ჩაითვლება.

ნანა ყეინიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს გააკეთა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ არის არჩეული, გადადგომა სურს, მან პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით უნდა მიმართოს უფლებამოსილების შეწყვეტამდე სულ მცირე 2 თვით ადრე.

შეგახსენებთ, პროკურატურა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობას" სწავლობს. უწყების თანახმად, გამოძიება შპს „ბიტექსჩეინჯის“ (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. “რადიო თავისუფლების გამოძიების თანახმად, ნანა ყეინიშვილი სთხოვდა წილს "ბიტექსჩეინჯის" მფლობელს, რომელმაც სუსთან შეთანხმებით სებ-ის საბჭოს წევრი ფარულად ჩაწერა და 2024 წელს მასალა სუსს გადაუგზავნა, თუმცა სუსის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ორი წლის შემდეგ, 2026 წელს ეროვნულმა ბანკმა “ბიტექსჩეინჯი” ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით დააჯარიმა.

2026 წლის 10 ოქტომბერს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა. ნანა ყეინიშვილმა კი 17 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები