მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ოცნება“ წაგებულ თამაშში ქულების დაწერას ცდილობს - ხიშტოვანი სებ-ის კანონში ცვლილებებზე

ხიშტოვანი

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პერიოდში პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს მმართველობასთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა სებ-ის შერყეული რეპუტაციის გამოსწორების მცდელობაა.

მისივე თქმით, ამ პერიოდში სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით, “ქართული ოცნება” გარკვეულწილად ცდილობს, სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოზიტიური ამბით გადაფაროს.

როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, მართალია, საბჭოს წევრობის კანდიდატთა გამკაცრებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები უკვე არსებულ წევრებზე არ გავრცელდება, თუმცა მისი შეფასებით, ამ ნაბიჯით „ქართული ოცნება“ ცდილობს, სამომავლოდ მაინც იყოს სებ-ის მმართველობითი საბჭოს მოწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი.

მისივე თქმით, ასევე დადებითად შეიძლება შეფასდეს რიგი ცვლილებები, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტში კოლეგიურობის პრინციპის გაძლიერება.

“კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები, რა თქმა უნდა, ეხება ამ ერთი წევრის, ნანა ყეინიშვილის შემთხვევას, თუ ამოიღებთ არქივებს, ყველა ნახავთ, რომ თავის დროზეც იყო ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები კონკრეტულად ამ კანდიდატთან დაკავშირებით, თუმცა სხვა კანდიდატებთან დაკავშირებითაც და წევრებთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, გვახსოვს სავალუტო ფონდის შესაბამისი კრიტიკული კომენტარებიც და, როგორც ჩანს, მართლა აუცილებელია მოხდეს საშინელება, რეპუტაციული ზიანი, რაც თავს დაატყდა ეროვნულ ბანკს და, სავარაუდოდ, ამას გაგრძელება ექნება, რომ პარლამენტი გონს მოეგოს და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც შეეფერება ნორმალურ, პასუხისმგებლიან სახელმწიფოს და სახელმწიფო ორგანოს.

რა თქმა უნდა, არ აღიარებს დღეს „ქართული ოცნების“ პარლამენტი და პარლამენტის წევრები, რომ ეს არის წინა, ჩემი აზრით, კატასტროფული შეცდომების გამოსწორების მცდელობა. ვინ აირჩია ნანა ყეინიშვილი? ის აირჩია საქართველოს პარლამენტმა და უშუალოდ „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იქნება მათთვის ამ შეცდომის აღიარება და IMF-ის რეკომენდაციებზე ხდება აპელირება. მაგრამ ეს უნდა კარგად გვესმოდეს და უნდა ზუსტად ვიცოდეთ, რომ ეს რეკომენდაციები იმიტომ გაგვიწია სავალუტო ფონდმა, როგორც მეგობარმა ეროვნული ბანკის და საქართველოს სახელმწიფოსი, რომ ასეთი შემთხვევები აღარ გამეორებულიყო.

როდესაც ვლაპარაკობთ ეროვნულ ბანკზე და საქართველოს პარლამენტზე, გვიტივტივდება ეს სკანდალი, კატასტროფული სკანდალი, როდესაც სებ-ის საბჭოს წევრი როგორც ამ ეტაპზე ვიცით, [კომპანიისთვის] თანხის და წილების გამოძალვას ცდილობდა. ეს კატასტროფული მოცემულობაა. რა თქმა უნდა, ამ წაგებულ თამაშში ცდილობს „ქართული ოცნება“ ქულების დაწერას, რომ რაღაცნაირად აქცენტი გაკეთდეს პოზიტიურ ცვლილებებზე.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება სწორია, მაგრამ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობა პარლამენტს, რომელიც აქამდე, ამ ნაწილში, აბსოლუტურად აიგნორებდა ამ რეკომენდაციებს და იღებდა არასწორ გადაწყვეტილებებს.

მეორე საკითხი, ეს არის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის თემა და აქაც ჩვენ ვხედავთ გამოწვევას, რომელიც, როგორც ჩანს, შეამჩნია სავალუტო ფონდმაც, რომ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა პრეზიდენტი და ამის შედეგი შეიძლება იყო ის, რომ, ერთი მხრივ, კომპეტენტური დასკვნების იგნორირება და შეფასებების იგნორირება ხდებოდა ერთი პირის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც სწორად მესახება, რომ კოლეგიალური იყოს უფრო კომიტეტი და გადაწყვეტილების მიღების დროს ერთი ადამიანის მოსაზრება არ იყოს გადამწყვეტი ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის გატარებისას. ამიტომაც ეს გადაწყვეტილებაც სწორია და მართლა შეიძლება, ისე ვიტყვი რა, რომ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ასეთი კატასტროფული სკანდალები საჭიროა იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში მეტ-ნაკლებად სწორ პოლიტიკამდე მივიდეს სახელმწიფო და ეროვნული ბანკის დაემსგავსოს სოლიდურ საერთაშორისო სტანდარტს”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებებით საბჭოს წევრობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები მკაცრდება, კერძოდ, საბჭოს წევრს მოეთხოვება შესაბამისი სპეციალობით საქმიანობის არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება.

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებით კონკრეტდება, ვის ეკისრება პრეზიდენტის მოვალეობა, თუკი ამ მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვერ ასრულებს. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტში კოლეგიურობის პრინციპის გაძლიერებასაც და გადამწყვეტი მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა აღარ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები