მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სების მენეჯმენტი პოტენციურად ყველაფერზეა წამსვლელი, რაც არ უნდა მოინდომოს ბიძინა ივანიშვილმა|აკაკი ცომაია

აკაკი ცომაია

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, უკანონო სამწარმეო საქმიანობაში ბრალდებული სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის თანამდებობიდან წასვლა და ეროვნული ბანკის მხრიდან პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა [სები: ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო] მიუთითებს იმაზე, რომ ქართული საფინანსო სისტემა სერიოზული რისკების ქვეშ დგას.

ამის შესახებ ეკონომისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის საქმიან რეპუტაციაზე ისაუბრა და ასევე, შეაფასა როგორც რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, ისე მონეტარული საქმიანობა.

აკაკი ცომაიას თქმით, ეროვნული ბანკის განცხადება, თითქოს ნანა ყეინიშვილი დამოუკიდებლად მოქმედებდა და უწყებამ მისი უკანონო საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა, „დაუჯერებელი აბსურდია“.

„თეორიულ დონეზე ყველაფერი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მაგრამ უბრალოდ დაუჯერებელი აბსურდია, რომ ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პროკურატურასა და უშიშროების სამსახურს არ სცოდნოდა - ეს გამორიცხულია. ნანა ყეინიშვილის მოქმედებების შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია ეს ცნობილი ყოფილიყო მხოლოდ მისთვის. თუ მართლაც ასე იყო, მაშინ ყველა ამ სამსახურის ხელმძღვანელი დროულად უნდა წავიდეს სახლში, მაგრამ ეს უბრალოდ წარმოუდგენელია“, - თქვა მან.

ეკონომისტის განცხადებით, ნანა ყეინიშვილის შემთხვევა არ არის იზოლირებული ინციდენტი, არამედ ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც სებ-ის პოლიტიკურ დაქვემდებარებასა და რეპუტაციის რღვევაზე მიუთითებს.

„დღევანდელი სებ-ის პირობებში ნამდვილად არ არის ქართული საფინანსო სისტემა უსაფრთხო. სები პოტენციურად ყველაფერზე წამსვლელია, რაც არ უნდა მოინდომოს ბიძინა ივანიშვილმა - მან რომ მოითხოვოს, ვთქვათ, ოქროს ზოდები მინდა, მომიტანეთ, მასესხეთო, ნათია თურნავა უარს ვერ ეტყვის... ნათია თურნავა ხომ იყო ის ადამიანი, რომელმაც ერთპიროვნულად გამოსცა ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ?! რანაირად შეიძლება საფინანსო სისტემა იყოს უსაფრთხო?!”, - განაცხადა აკაკი ცომაიამ და იქვე დასძინა, რომ ეროვნული ბანკი პოტენციურად, შესაძლოა, საერთაშორისო სანქციების ზემოქმედების ქვეშაც კი მოხვდეს, რადგან მსგავსი სისტემური მანკიერებები ადრე თუ გვიან აუცილებლად გამჟღავნდება.

“წერტილთან” ინტერვიუში აკაკი ცომაიამ ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების რეკორდულ ზრდასა და მის უარყოფით გვერდით ეფექტებზეც.

მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის პირველადი და კონსტიტუციური ამოცანა ნებისმიერ ვითარებაში ფასების სტაბილურობა და ინფლაციის მოთოკვაა, თუმცა სებ-ი ხშირად უარს ამბობს რეალურ მცურავ სავალუტო რეჟიმზე და გადადის მართვად რეჟიმზე, რათა ლარის კურსი გამყარებისგან დაიჭიროს და სავალუტო რეზერვები შეავსოს.

„იმ ფონზე, როდესაც იმპორტირებულ საქონელზე ფასები იზრდება და განსაკუთრებით საწვავი ძვირდება, არ არის სწორი ასეთი ტიპის პოლიტიკის განხორციელება. ცენტრალურმა ბანკმა იმდენად ბევრი სავალუტო რეზერვი შესყიდა ბოლო პერიოდში, რომ მას მოუწია სხვა ინსტრუმენტების გამოყენება - [მონეტარული სტერილიზაცია და ეკონომიკიდან ლარის ამოღება]”, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები