მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მონეტარული სტერილიზაცია" - ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკიდან ₾1,7 მლრდ "ამოიღო"|რას ნიშნავს ეს?

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკიდან 1,7 მლრდ ლარი "ამოიღო" - რას ნიშნავს ეს? - ქვეყანაში ინფლაციის თავიდან ასაცილებლად და ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ცენტრალურ ბანკს ზოგჯერ ბაზარზე არსებული "ჭარბი" ეროვნული ვალუტის განეიტრალება უწევს.

საქმე ის არის, რომ 2026 წლის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ბალიშის - საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად 3.1 მილიარდი დოლარი შეისყიდა - შედეგად, რეზერვები 8.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ ამავდროულად, საბანკო სისტემაში, დაახლოებით, 8.3 მილიარდი ლარის დამატებითი ლიკვიდობა გაჩნდა ანუ ეს ის თანხაა, რომელიც სებ-ს $3.1 მილიარდის შესასყიდად დასჭირდა.

[ცნობისთვის: დღეს, სებ-მა საერთაშორისო რეზერვების სტატისტიკა განაახლა. როგორც ირკვევა, სექტემბერში სავალუტო რეზერვები $26 მილიონით, $8.17 მილიარდამდე გაიზარდა, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ წინა თვეში სებ-მა სავალუტო რეზერვების შესყიდვა შეანელა ანუ ეკონომიკიდან ნაკლები დოლარი ამოიღო, ვიდრე წინა თვეებში]

ბაზარზე ლარის ასეთი დიდი რაოდენობით გაჩენა რისკს შეიცავს - რატომ? - ე.წ. “ჭარბმა” ფულმა შესაძლოა, ლარის საპროცენტო განაკვეთებზე, ასევე, პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების მკვეთრი ზრდა ანუ ინფლაცია გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა პროცესი, რომელსაც “მონეტარული სტერილიზაცია” ანუ ფულის უკან ამოღება ჰქვია.

როგორ მუშაობს “მონეტარული სტერილიზაცია”?

მონეტარული სტერილიზაცია არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ცენტრალური ბანკი ანეიტრალებს ეროვნული ფულის მასის ზრდას. ის ამას ახორციელებს რეფინანსირების სესხების შემცირების გზით; ასევე, სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით ან კიდევ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვებით, რომელსაც ბანკები ყიდულობენ. ამ ინსტრუმენტების დახმარებით, ცენტრალური ბანკი ცდილობს, შეინარჩუნოს მიზნობრივი საპროცენტო განაკვეთები და გააკონტროლოს ინფლაცია, სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციის მიუხედავად.

როგორ "ამოიღო" სებ-მა ეკონომიკიდან 1.7 მილიარდი ლარი?

როგორც BMG-ის ეროვნულ ბანკში განუმარტეს, პროცესი რამდენიმე ეტაპად განახორციელეს. კერძოდ, პირველ ეტაპზე, რეფინანსირების სესხებისა და ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის მოცულობები შეამცირდა ანუ რადგან ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობა იყო, ბანკებს სებ-იდან ფულის სესხება არ სჭირდებოდათ. შემდეგ ეტაპზე კი, საჭირო გახდა ე.წ. "მონეტარული სტერილიზაცია" ანუ მარტივად რომ ავხსნათ, ეკონომიკიდან იმ "ჭარბი" ლარის ამოღება/განეიტრალება, რაც სებ-ის მიერ 3.1 მლრდ დოლარის შესყიდვისას გაჩნდა.

  1. რეფინანსირების სესხების შემცირება:

    რეფინანსირების სესხი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის გაცემული მოკლევადიანი (1-კვირიანი) სესხი. “2025 წლის ბოლოს არსებული 4,160 მლნ ლარის რეფინანსირების სესხების მოცულობა 2026 წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით, 250 მლნ ლარამდე შემცირდა, რაც ბოლო სამი წლის მინიმუმია”, - განმარტეს სებ-ში.
  2. ღია ბაზრის ერთთვიანი სესხების შემცირება:

    ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი/სესხი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც სებ-ი კომერციულ ბანკებს 1 თვის ვადით აწვდის ლარის ლიკვიდობას (ფულად სახსრებს). “ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის მოცულობა 2025 წლის ბოლოს 2 მლრდ ლარს შეადგენდა, 2026 წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით კი მისი ნაშთი ნულია. ამის შემდგომ ეტაპზე, საჭირო გახდა ლიკვიდობის ამოღების ინსტრუმენტების გამოყენება”, - აცხადებენ სებ-ში.
  3. ფასიანი ქაღალდების/სახაზინო ობლიგაციების გაყიდვა:

    სახაზინო ფასიანი ქაღალდები არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის დასაფინანსებლად უშვებს.”2026 წლის აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა მეორად ბაზარზე მის მფლობელობაში არსებული 1,128.8 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდები გაყიდა”, - მოგვწერეს ეროვნული ბანკიდან. ამ ტრანზაქციით 1.1 მილიარდზე მეტი ლარი კომერციული ბანკების ანგარიშებიდან ეროვნულ ბანკში დაბრუნდა და თან ფინანსთა სამინისტრომ, რომელიც სახაზინო ობლიგაციების მფლობელია, ბანკებს გარკვეული პროცენტი უნდა გადაუხადოს, სარგებლის სახით.
  4. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება:

    სადეპოზიტო სერტიფიკატი არის ცენტრალური ბანკის (ან კომერციული ბანკის) მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს, რომ განსაზღვრული თანხა განთავსებულია დეპოზიტზე (ანაბარზე) კონკრეტული ვადითა და პროცენტით. “სექტემბრიდან [სებმა] დამატებით დაიწყო სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება და 28 სექტემბრის მდგომარეობით, სადეპოზიტო სერტიფიკატების სახით სებ-ს 571 მლნ ლარი აქვს გამოშვებული”, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში ანუ ამ გზითაც სებ-მა საბანკო სისტემიდან "ჭარბი" ნაღდი ფული დროებით ისევ ცენტრალურ ბანკში დააბრუნა. ამ შემთხვევაში, ბანკებს საპროცენტო სარგებელს სებ-ი უხდის.

“აღნიშნული ოპერაციები მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ჩარჩოსა და საბანკო სისტემაში ლიკვიდობის ეფექტიან მართვას ემსახურებოდა. ერთი მხრივ, ეროვნული ბანკი ხელსაყრელი საბაზრო პირობების გამოყენებით აგროვებდა საერთაშორისო რეზერვებს, ხოლო მეორე მხრივ, ამ ოპერაციების შედეგად წარმოქმნილ ლარის ლიკვიდობას შესაბამისი მონეტარული ამოღების ინსტრუმენტებით მართავდა, რათა საბაზრო საპროცენტო განაკვეთები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან შესაბამისობაში დარჩენილიყო”, - ნათქვამია სებ-ის მიერ BMG-ისთვის მომზადებულ წერილობით განმარტებაში.

ცენტრალურ ბანკში, ასევე, აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის არსებული საოპერაციო ჩარჩოს პირობებში, სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ოპერაციების სტერილიზაცია, როგორც - უცხოური ვალუტის შესყიდვის, ისე გაყიდვის შემთხვევაში, ავტომატურად ხორციელდება.

“პირველ რიგში, ეს რეფინანსირების სესხების მოცულობის ცვლილებით ხდება, ხოლო დამატებით ეროვნულ ბანკს გააჩნია როგორც ლიკვიდობის მიწოდების, ისე მისი ამოღების ინსტრუმენტები, რომლებსაც საჭიროების შესაბამისად იყენებს“, - განმარტავს ეროვნული ბანკი.

რა გავლენა იქონია “მონეტარულმა სტერილიზაციამ” ფულის მასაზე (M2)?

ფართო ფულის მასამ (M2), რომელიც მოიცავს ქვეყნის ეკონომიკაში მიმოქცევაში არსებულ ეროვნულ ვალუტას და კომერციულ ბანკებში საბანკო და სამთავრობო სექტორების გარდა, ლარის სრულ დეპოზიტებს, 38 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 8.3 მილიარდი ლარით ანუ 27%-ით არის გაზრდილი. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ფართო ფულის მასის ზრდის ტემპი 11% იყო.

ეროვნულ ბანკში BMG-ს განუმარტეს, რომ მხოლოდ M2-ის ზრდის მაღალი ტემპიდან გამომდინარე იმის დასკვნა, რომ ეკონომიკაში ჭარბი მოთხოვნა ან დამატებითი ინფლაციური წნეხი იქმნება, სწორი ვერ იქნება.

"M2-ის ზრდა აღემატება M3-ის ზრდას და ეს, პირველ რიგში, დეპოზიტების ლარიზაციის პროცესით არის განპირობებული. უფრო მეტი დეპოზიტი ლარში თავსდება და, ამასთანავე, გარკვეული გადადინება ხდება უცხოური ვალუტის დეპოზიტებიდან ლარის დეპოზიტებში. შესაბამისად, M2-ის შედარებით მაღალი ზრდა მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ სტრუქტურულ ცვლილებას ასახავს. ამიტომ მხოლოდ M2-ის ზრდის მაღალი ტემპიდან ვერ გავაკეთებთ დასკვნას, რომ ეკონომიკაში ჭარბი მოთხოვნა ან დამატებითი ინფლაციური წნეხი იქმნება. ამ შემთხვევაში ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი ფულის მასის სავალუტო სტრუქტურის ცვლილებას ანუ ლარიზაციის ზრდას უკავშირდება", - განმარტავენ სებ-ში.

ამასთან, სებ-ში აცხადებენ, რომ სავალუტო ინტერვენციების განხორციელება, თავისთავად, არ განსაზღვრავს ფულის მასის აგრეგატის ზრდას. "ეროვნული ბანკი განსაზღვრავს საპროცენტო განაკვეთს და ამ განაკვეთზე ბაზარზე არსებული ლიკვიდობის მოთხოვნა შესაბამისი მოცულობის მიწოდებით კმაყოფილდება. ანუ, სავალუტო ინტერვენციებისა და ამ კონკრეტული ინსტრუმენტების მექანიზმით ლარის მიწოდება რომ არ მომხდარიყო, ბაზარზე არსებული იგივე მოთხოვნა ლიკვიდობაზე სხვა, ალტერნატიული მონეტარული ინსტრუმენტების საშუალებით დაკმაყოფილდებოდა. საბოლოო ჯამში, ბაზრისთვის შედეგი არსებითად არ იცვლება იცვლება მხოლოდ ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ეს ლიკვიდობა მიეწოდება", - ნათქვამია წერილობით განმარტებაში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები