საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით არის აღძრული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს. ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს წევრის თანამდებობას 2023 წლის სექტემბრიდან იკავებს, მას 7-წლიანი მანდატი აქვს. ეროვნული ბანკის განცხადებით, გამოძიების პროცესში მოხდება სებ-ის საბჭოს სხდომებიდან ნანა ყეინიშვილის დროებითი აცილება.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება ეროვნულ ბანკში შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო. ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი მასალების მიხედვით, კომპანიის ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული.
განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული გარემოებები გამოძიების ფარგლებში უნდა გადამოწმდეს.
პროკურატურა განმარტავს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვს. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრსა და მისი ოჯახის წევრებს ეკრძალებათ იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორები.
"შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
გასათვალისწინებელია, რომ ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.
ამდენად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებების შესწავლა და გამოძიების შედეგების შესახებ, საზოგადოებას ეცნობება დამატებით,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებები შეისწავლება. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.
რაც შეეხება შპს შპს ბიტექსჩეინჯს, აღნიშნული კომპანია კრიტპო სერვისების მიწოდებით არის დაკავებული. ის 2020 წელს დაფუძნდა და მის 100%-ის წილს ბიზნესმენი დავით ორჯონიკიძე ფლობს.
ნანა ყეინიშვილი წლების განმავლობაში შემდეგ თანამდებობებს იკავებდა:
2023 წლის სექტემბრიდან - 2030 წლის სექტემბრამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
2017-2023 წწ. სხვადასხვა კერძო კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი.
2012-2016 წწ. საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
2001-2012 წწ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, პრეზიდენტი.
ნანა ყეინიშვილის ქონებრივი დეკლარაცია იხილეთ სტატიაში.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში არჩევამდე, ნანა ყეინიშვილი იყო შპს "ვიპ ფეის" დირექტორი და 100%-იანი პარტნიორი, რომელიც თავის მხრივ ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშაა, თუმცა საბჭოში არჩევის შემდეგ ყეინიშვილმა აღნიშნული კომპანიის წილი სხვა პირს გადასცა. 2026 წლის მდგომარეობით კი კომპანიის 100%-ის მფლობელია ნათია ლოლაძე, ნანა ყეინიშვილის შვილი. ამასთან, ლოლაძე საქართველოს წითელი ჯვირის საზოგადოების პრეზიდენტია, აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლამდე თავად ნანა ყეინიშვილი იკავებდა.
თავის მხრივ აღნიშნული კომპანია საგადახდო პროვაიდერია და 2025 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 8.7 მილიონი ლარის შემოსავალი და 5.6 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.
საკითხზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში
























