საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 2025 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ყეინიშვილი რამდენიმე კომპანიის წილს ფლობს, მათ შორის სამ კომპანიაში 100%-იანი წილები აქვს. დეკლარაციაში ასევე ასახულია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები, სესხი და სხვა ფინანსური ოპერაციები. ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას 2023 წლის სექტემბრიდან იკავებს.
უძრავი ქონება
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნანა ყეინიშვილის საკუთრებაშია უძრავი ქონება თბილისში, ახმეტის რაიონსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
ყეინიშვილი ფლობს 14 760 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ახმეტის რაიონის სოფელ ვეძებში, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში 1 500 ლარად შეიძინა. მას ასევე ეკუთვნის თბილისის დიდ დიღომში მდებარე 82 კვადრატული მეტრის ბინის 50%. აღნიშნული ბინა 1995 წელს პრივატიზებულია.
გარდა ამისა, ყეინიშვილის საკუთრებაშია ცურტაველის (ხუციშვილის) ქუჩაზე მდებარე 212 კვადრატული მეტრის ბინის 25% და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთანიაში არსებული 1 500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის 50%.
კომპანიებში წილები
დეკლარაციის მიხედვით, ნანა ყეინიშვილი რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს. მას 100%-იანი წილები აქვს შპს „დანიელი 2022“-ში, შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფსა“ და შპს „სადმელი ჰესში“. ამასთან, ყეინიშვილი ფლობს შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯის“ 30%-სა და შპს „ნათმეტალის“ 1%-ს. მას ასევე ეკუთვნის შპს „დავინანას“ 50%.
დეკლარაციის თანახმად, ჩამოთვლილი კომპანიებიდან მიღებული შემოსავალი ნულია. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიებში წილების მართვის უფლებამოსილება ნათია ლოლაძეს აქვს მინიჭებული.
სწორედ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის საკითხი გახდა პროკურატურის გამოძიების დაწყების საფუძველი. უწყების განცხადებით, ეროვნულ ბანკში შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილ განცხადებებსა და მათზე დართულ აუდიოჩანაწერებში ნათქვამია, რომ ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული.
განმცხადებლების მტკიცებით, ყეინიშვილი ასევე ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, მათი შეფასებით, საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული ბრალდებები გამოძიების ფარგლებში უნდა გადამოწმდეს.
საბანკო ანგარიშები და შემოსავლები
2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის მდგომარეობით არსებულ აქტივებსა და 2024 წელს მიღებულ შემოსავლებს ასახავს, ნანა ყეინიშვილის წლიური შრომითი შემოსავალი, საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით, 165 964.8 ლარი იყო.
TBC ბანკში მას ლარის შემნახველ ანგარიშზე 30 085.89 ლარი, ხოლო სახელფასო ანგარიშზე 9 988.84 ლარი ჰქონდა. ამავე ბანკში დეკლარაციაში მითითებულია 3 312.34 ევრო, 2 887.42 აშშ დოლარი, 0.82 ბრიტანული ფუნტი და დამატებით 1 577.07 ევრო შემნახველ ანგარიშზე.
დეკლარაციაში სხვა ბანკებში არსებული ნაშთებიც არის ასახული, თუმცა წარმოდგენილი მონაცემები ყველა ანგარიშზე არსებული თანხის ერთიან ჯამს არ განსაზღვრავს. დოკუმენტში 10 000 ლარზე მეტი ნაღდი ფული, ძვირადღირებული მოძრავი ქონება ან ფასიანი ქაღალდები მითითებული არ არის.
600 000-დოლარიანი სესხი და სხვა ფინანსური ოპერაციები
დეკლარაციის მიხედვით, ნანა ყეინიშვილს 2023 წლის 4 თებერვალს 600 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აქვს აღებული, რომლის დაფარვის ვადად 2033 წელია განსაზღვრული. დოკუმენტში მითითებულია, რომ 2024 წელს ამ ვალდებულებასთან დაკავშირებულმა მატერიალურმა შედეგმა 235 000 აშშ დოლარის გასავალი შეადგინა.
ამასთან, 2024 წლის 26 მარტს ყეინიშვილმა ზეპირი ხელშეკრულებით 50 000 აშშ დოლარი გაასესხა.
სხვა ფინანსურ ოპერაციებს შორის დეკლარაციაში მითითებულია საზოგადოებაში პარტნიორის შენატანის სახით გაწეული 781 136 ლარისა და 210 520 აშშ დოლარის გასავალი. პირადმა ხარჯებმა, მათ შორის მკურნალობასა და მოგზაურობაზე გაწეულმა დანახარჯებმა, 88 101 ლარი შეადგინა.
შემოსავლების ნაწილში ასევე ასახულია 137 225 აშშ დოლარის ჩარიცხვა თანხის კონვერტაციის შედეგად. დეკლარაციის განმარტებით, კუთვნილი თანხების გადახურდავებაში დახმარების მიზნით ეს თანხა ანგარიშზე მძღოლმა ზურაბ აბხაზოვმა ჩაურიცხა.
რას იძიებს პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით არის აღძრული, რომელიც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას ეხება.
პროკურატურა განმარტავს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვს. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრსა და მისი ოჯახის წევრებს ეკრძალებათ იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორები.
ეროვნული ბანკის განცხადებით, გამოძიების პროცესში ნანა ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს სხდომებიდან დროებით იქნება აცილებული. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებები შეისწავლება, შედეგების შესახებ კი საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.
საქმეში ნახსენები შპს „ბიტექსჩეინჯი“ კრიპტოსერვისების მიმწოდებელი კომპანიაა. ის 2020 წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი დავით ორჯონიკიძეა.
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია 2023 წლის სექტემბრიდან და თანამდებობაზე 2030 წლის სექტემბრამდე დარჩენის შვიდწლიანი მანდატი აქვს.
2012-2016 წლებში ის საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. 2001-2012 წლებში ყეინიშვილი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი იყო, ხოლო 2017-2023 წლებში სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლად და დირექტორად მუშაობდა.
























