გთავაზობთ 5-11 ოქტომბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
მთავარმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით არის აღძრული. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების საფუძველი ეროვნულ ბანკში „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი განცხადებები და მათზე დართული აუდიოჩანაწერები გახდა. უწყების ინფორმაციით, განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრებისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას.
საქმეში მონაწილე კრიპტო გაცვლის კომპანია "ბიტექსჩეინჯი" ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრების კანონმდებლობის 572,000-ჯერ დარღვევისთვის 572 მილიონი ლარით დააჯარიმა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“ ჯამურად 572 მილიონ 118 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა. სანქციის უდიდესი ნაწილი მომხმარებლების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. მსგავსი მოცულობის და მასშტაბის ჯარიმა აქამდე საქართველოს საფინანსო სექტორის არცერთ მონაწილეს არ მიუღია.
სებ-ის განმარტებით, კომპანიამ 572 033 შემთხვევაში მომსახურება გასწია კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურების შესრულების გარეშე. თითოეული ასეთი დარღვევისთვის განსაზღვრული 1 000-ლარიანი ჯარიმის შედეგად სანქციის ამ ნაწილმა 572 მილიონ 33 ათასი ლარი შეადგინა.
რუსეთმა საქართველოდან კონკრეტული მწარმოებლების ღვინის და არაალკოჰოლური სასმელების იმპორტი აკრძალა - რუსული მედია
რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა ქართული სასმელების (ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის) ნაწილის იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა. როგორც RBC შესაბამის დოკუმენტსა და წყაროზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება როსპოტრებნადზორმა მიიღო - სახელმწიფო უწყებამ, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.
გამოცემა წერს, რომ მარეგულირებელმა გამოავლინა გაყიდვისთვის აკრძალული სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით.
კერძოდ, RBC წერს, რომ აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქტებს:
- „თელიანის ველის“ წარმოების ღვინო;
- „თბილღვინოს“ წარმოების ღვინო;
- „ასკანელი ძმების“ წარმოების ღვინო და კონიაკი;
- „ვაინმენის“ წარმოების ღვინო;
- „საქართველოს ლუდის კომპანიის“ წარმოების ლუდი;
- საქართველოში წარმოებული გაზიანი უალკოჰოლო სასმელი - Coca-Cola;
- „ჰელსი უოთერის“ მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.
მსოფლიო ბანკმა 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა
მსოფლიო ბანკმა 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. ივნისში გამოქვეყნებულ წინა პროგნოზთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება 2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური პერსპექტივების მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს გარდა, რეგიონის ქვეყნებიდან ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მხოლოდ სომხეთისთვის გაიზარდა. სომხეთის შემთხვევაში პროგნოზი 0.3 პროცენტული პუნქტით, 5.6%-მდეა გაზრდილი. ამასთან, მსოფლიო ბანკმა აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.8 პროცენტული პუნქტით, 1.2%-მდე შეამცირა. ყაზახეთისთვის პროგნოზი 4.6%-ს შეადგენს, რაც ივნისის შეფასებასთან შედარებით ცვლილებას არ წარმოადგენს.
საქართველოს საბანკო სექტორს მეოცე ბანკი - "ნეო ქართული ჯგუფი შეემატა"
საქართველოს საფინანსო სექტორს ახალი კომერციული ბანკი შეემატა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განკარგულების შესაბამისად, სს „ნეო ქართულ ჯგუფს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიენიჭა. შედეგად, საქართველოში საბანკო ლიცენზიის მქონე სუბიექტების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.
საჯარო რეესტრისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, ახლადლიცენზირებული საბანკო ინსტიტუტის განთავსებული კაპიტალი 61.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სრულად ფულადი სახით არის შევსებული და აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.
სს „ნეო ქართული ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი მშობელი კომპანია სს „ქართული პირველი ციფრული ჯგუფია“. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის ერთპიროვნული მესაკუთრე ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქე იურის ლეონენკოა.
შუამავალი კომპანიები საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს ვეღარ შეძლებენ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ოპერაციებში შუამავალი კომპანიები აღარ იქნებიან ჩართული და მეზობელი სახელმწიფოებიდან ელექტროენერგიას უშუალოდ სახელმწიფო კომპანია (ესკო) განახორციელებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მხოლოდ აზერბაიჯანიდან შუამავალი კომპანიის იმპორტის პროცედურიდან ჩახსნა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარს დაუზოგავს. "ძალიან მნიშვნელოვანია რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის გარეშე განხორციელდება. არცერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის მეშვეობით. კონკრეტულად აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს საპენსიო ფონდის ზომამ 10.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა
საქართველოს საპენსიო ფონდი გასული თვის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ჯამურმა ზომამ 10.1 მილიარდ ლარს მიაღწია. შესაბამისად, გასული ერთი თვის განმავლობაში ფონდის ზომა 100 მილიონ ლარზე მეტად გაიზარდა, რაც უმეტესწილად ფონდის მონაწილეთა ყოველთვიურ შენატანებს შეადგენდა.
ეს თანხა წარმოადგენს 1,585,989 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს, შესაბამისად სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6386 ლარია. ფონდის მთლიანი მოცულობის უდიდესი ნაწილი - 10 მილიარდი ლარი განთავსებულია კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში, რაც მონაწილეთა 99.3%-ის დანაზოგს წარმოადგენს.
სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 26 მილიონით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამქოვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს სავალუტო რეზერვებმა $8.17 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით $26 მილიონით მეტია, თუმცა როგორც ირკვევა გასული თვის განმავლობაში სებ-ის ოქროს რეზერვების ღირებულება 97 მილიონი დოლარით შემცირდა, შესაბამისად რომ არა ოქროს ფასის კლება, გასულ თვეში რეზერვები უფრო მეტად გაიზრდებოდა.
ერთწლიან ჭრილში კი საქართველოს სავალუტო რეზერვები 50%-ით გაიზარდა. ზრდის ძირითადი მიზეზია ეროვნული ბანკის მიერ 2026 წლის განმავლობაში $3.1 მილიარდი დოლარის შესყიდვა.























