ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდო ინფორმირებულობაზე და ამის შესახებ პირველად ჩანაწერის მოსმენისას შეიტყო.
"რადიო თავისუფლებამ" მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძეს ჰკითხა, რატომ არ ჰქონდა სუსს რეაგირება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე, როცა მათი თქმით, ინფორმაცია და ჩანაწერი ჰქონდათ, ჯერ კიდევ 2024 წლიდან.
"მე არ მქონდა სუსის ჩართულობასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია. პირველად გავიგე ეს, როდესაც მოვისმინე აუდიოჩანაწერი.
კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც კი იქნება ფაქტი, მაშინვე გვექნება რეაგირება. როგორც კი გავიგეთ კონკრეტული ფაქტის შესახებ, მაშინვე გვქონდა რეაგირება", - განაცხადა კობახიძემ.
რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე, იყენებდა თუ არა ყეინიშვილი ივანიშვილის სახელს ბოროტად ძალაუფლებისთვის,რადგან გავრცელებულ ჩანაწერში, ნანა ყეინიშვილი ახსენებს ბიძინა ივანიშვილს, კობახიძემ უპასუხა:
"მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი კავშირი, მათ შორის კომუნიკაციაც არ არსებობს ბიძინა ივანიშვილს და ნანა ყეინიშვილს შორის".
შეგახსენებთ, რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული და გასულ კვირას გასაჯაროებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანი კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლებს ბიზნესის წილს სთხოვს და სანაცვლოდ მფარველობასა და ბიზნესის გაფართოებაში დახმარებას სთავაზობს.
























