საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „იმედმა“ სავარაუდო აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერში ყეინიშვილი და კრიპტოვალუტის კონვერტაციის კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებელი დავით ორჯონიკიძე ახალი კომპანიის შექმნასა და წილების გადანაწილებაზე საუბრობენ.
ჩანაწერში ყეინიშვილი ამბობს, რომ ახალი კომპანია ისე უნდა შეიქმნას, რომ მხარეებს შორის წილები თანაბრად, 50%-50%-ზე გადანაწილდეს. „ახალი კომპანია, საიდანაც ფული უნდა ავიღოთ, ისე რომ ნახევარი-ნახევარზე გამოსულიყო... ანუ ორად გაყოფილიყო“, - ამბობს ყეინიშვილი.
ორჯონიკიძე პასუხობს, რომ ასეთი მოდელის შემთხვევაში წილების თანაფარდობა შესაძლოა მთლიან აქტივებთან მიმართებით არათანაბარი გამოვიდეს. საუბრისას ის კრიპტომატების მაგალითს იყენებს და განმარტავს, რომ თუ პირველ და მეორე კომპანიებს კრიპტომატები აქვთ, მეორე კომპანიაში 50%-იანი წილის ფლობა ჯამური აქტივების მხოლოდ 25%-ს შეიძლება შეადგენდეს.
„თუ მეორე კომპანიაში 50%-იანი წილი გვაქვს, ეს მთლიანი ჯამური აქტივების მხოლოდ 25%-ია. მაგალითად, 2 მილიონი ლარიდან 25% არის 500 ათასი (ნახევარი მილიონი)“, - ამბობს ორჯონიკიძე ჩანაწერში. ის ასევე ახსენებს ონლაინ გადახდების მიმართულებას და აღნიშნავს, რომ დამატებითი წილების გათვალისწინებით, წილების თანაფარდობის გამოთვლა რთულდება.
ყეინიშვილი საუბრისას კომპანიის შვილობილად დაფუძნების საკითხსაც ეხება და ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ახალი საწარმო შვილობილი იქნება თუ დამოუკიდებლად შეიქმნება. საუბრის დასასრულს ის მხარეებს საკითხების ერთობლივად განხილვას სთავაზობს: „ამ ბავშვების თემაც, ეს ფაქტიც, ჩვენი შეკითხვებიც რაც გვაქვს... შევხვდეთ და ყველაფერი ერთად დავალაგოთ“.
აუდიოჩანაწერის გავრცელებული ნაწილის თანახმად, საუბრისას ყეინიშვილი ახალი კომპანიის შექმნასა და მასში მხარეებისთვის წილების განაწილების საკითხს განიხილავს. თავდაპირველად ის 50%-იანი წილების მოდელს ახსენებს, თუმცა მოგვიანებით საუბარი 51%-იანი და 49%-იანი წილების განაწილებაზეც გრძელდება.
აუდიო ჩანაწერი, რომელიც "ტელეიმედმა" გაავრცელა:
ნანა ყეინიშვილი: ახალი კომპანია, საიდანაც ფული უნდა ავიღოთ, ისე რომ ნახევარი-ნახევარზე გამოსულიყო...
დავით ორჯონიკიძე: დიახ.
ნანა ყეინიშვილი: ...ანუ ორად გაყოფილიყო.
დავით ორჯონიკიძე: ანუ შვილობილი კომპანია, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, იმის 50%-ია. სწორედ გამიგეთ, მაგრამ ეს პროპორცია არათანაბარი გამოდის.
ნანა ყეინიშვილი: არა, შვილობილი იქნება თუ საერთოდ არ იქნება შვილობილი და ახალი შეიქმნება...
დავით ორჯონიკიძე: ეგ არ არის მთავარი, ანუ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ...
ნანა ყეინიშვილი: მე შვილობილი მეგონა, თუ გადასახადების გამო კეთდება...
დავით ორჯონიკიძე: გასაგებია. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, შვილობილი იქნება თუ არა. აი, მარტო კრიპტომატები რომ ავიღოთ მაგალითისთვის: დავუშვათ, პირველ კომპანიას („ბითექსჩეინჯს“) და მეორე კომპანიას აქვთ კრიპტომატები. თუ მეორე კომპანიაში 50%-იანი წილი გვაქვს, ეს მთლიანი ჯამური აქტივების მხოლოდ 25%-ია. მაგალითად, 2 მილიონი ლარიდან 25% არის 500 ათასი (ნახევარი მილიონი). ამას თავი რომ დავანებოთ, ზემოდან კიდევ ონლაინ გადამხდელის 50%-იანი წილიც რომ დაემატოს, ციფრები ისე ირევა, ქალბატონო ნანა, რომ ვერ ვალაგებთ — რა არის მეტი და რა ნაკლები.
ნანა ყეინიშვილი: მერე, იცით, რა ვქნათ? გავაერთიანოთ ეს საკითხები. ამ ბავშვების თემაც, ეს ფაქტიც, ჩვენი შეკითხვებიც რაც გვაქვს... შევხვდეთ და ყველაფერი ერთად დავალაგოთ.
ნანა ყეინიშვილი: ხოდა... დავიწყოთ. სულ-სულ ცოტა, კრიალა... მულტიფეიც (MultiPay) იქნება ახლა ერთ-ერთ ბინაში, რა. და შეგიძლიათ... და სანამ ლიცენზია გამოვა, უკვე შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენ, როგორც დამფუძნებლები და ბარემ თავიდანვე იყოთ დამფუძნებელი.
დავით ორჯონიკიძე: კი ბატონო.
ნანა ყეინიშვილი: ...და 49% რომ ჩვენ აქ ვართ... აი, ის იმასაც შემოვიტან, დავუშვათ, გუშინ რაზეც გითხარით, აქ... რა ქვია, პროვაიდერიც შემოვიყვანთ.
დავით ორჯონიკიძე: თქვენ თუ 51% გსურთ, ანუ პირიქით იმასთან დაკავშირებით ვისაუბროთ, მაშინ მეორე კომპანიას არა მეტი, არამედ ნაკლები აპარატი შეიძლება სჯობდეს, რომ ჰქონდეს. იმიტომ, რომ მაშინ უფრო მარტივი იქნება 51%-ის მოცემა, მიხვდით?
ნანა ყეინიშვილი: ჰო, იცი... მე რატომ ვთქვი წეღან, რომ 50/50-ზე გავაკეთოთ-მეთქი, იცი რატომ ვთქვი? რომ... როდესაც თანაბარი... მოგება გაქვთ, თანაბარი... ინვესტიციები გაქვთ, თანაბარი... უფლებამოსილებები გაქვთ და უფრო ხარ... ბაზარზე ორიენტირებული.
დავით ორჯონიკიძე: გასაგებია, მაგრამ აი, ნახეთ...
ნანა ყეინიშვილი: დიახ, დიახ... მე არ მინდა, რომ... მე არ მინდა, რომ...
ან შენ დაგაწვეს რამე...
დავით ორჯონიკიძე: გასაგებია.
ნანა ყეინიშვილი: ...ან... იმიტომ, რომ მარტო ვერ გადაჭრი, გაფუჭდეს რამე.
დავით ორჯონიკიძე: გასაგებია.
ნანა ყეინიშვილი: მე მინდა, რომ თვალის ჩინივით... პირიქით, შენ მიმითხრა: „მე შეგიწყობ ხელს და ამ 2x-ის მაგივრად, როდის გახდები... გახდება შენთვის 2x$ როცა გინდა რესურსი, როცა გინდა ნერვები, როცა... სიყვარულიც ხომ გინდა და მუშაობაც ხომ გინდა...“ აი, ასეთ რამეს გეტყოდი, რა.
ცოტა პროცენტი... გავზარდოთ და სამაგიეროდ... სამაგიეროდ...
დავით ორჯონიკიძე: კი ბატონო.
ნანა ყეინიშვილი: ისეთი აგრესიულად გავზარდოთ რაოდენობა, რომ იქ მოვიგოთ, რა.
ანუ, ახლა შენ რასაც იძახი, ეგ იქმნება. მე მოვყვები მარტო იქ, შენ...
დავით ორჯონიკიძე: დიახ.
ნანა ყეინიშვილი: ...და იმის ხარჯზე... დავფარავთ.
დავით ორჯონიკიძე: ნუ, კონკურენტების.
ნანა ყეინიშვილი: რა თქმა უნდა.
დავით ორჯონიკიძე: კონკურენტის.
ნანა ყეინიშვილი: რა თქმა უნდა, ანუ... აგრესიულად გავზარდოთ..
...აგრესიულად გავზარდოთ ისა, რაოდენობა და იქ მოვიგებთ.
დავით ორჯონიკიძე: შეიძლება.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჯერჯერობით აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა სასამართლოს მიერ დადასტურებული არ არის.
დაწყებული გამოძიების შესახებ:
დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებები და მათზე დართული აუდიოჩანაწერები გახდა.
განმცხადებლების მტკიცებით, ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრებისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ ყეინიშვილი ერთ-ერთი ასეთი საწარმოს წილში შესვლას ცდილობდა. აღნიშნული გარემოებები გამოძიების ფარგლებში უნდა გადამოწმდეს.
„ბიტექსჩეინჯი“ 2020 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობა კრიპტოვალუტის კონვერტაციაა. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მისი ქსელი საქართველოში 75 კრიპტომატს აერთიანებს. ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით ორჯონიკიძეა, დირექტორის პოზიციას ასევე იკავებს ნინო ქოპილაშვილი. უახლესი ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2024 წელს 5.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, წმინდა მოგებამ კი 3.2 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა. უწყების ინფორმაციით, სანქცია გეგმური შემოწმების შედეგებს უკავშირდება. ჯარიმის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია, რადგან შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის.
საქმის პარალელურად, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შვილი ნათია ლოლაძე საგადახდო პროვაიდერი „ვიპ ფეისის“ 100%-იან წილს ფლობს. ყეინიშვილი ამ კომპანიის დირექტორი და ერთადერთი მფლობელი 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის ოქტომბრამდე იყო, ეროვნული ბანკის საბჭოში არჩევის შემდეგ კი წილი სხვა პირს გადასცა. „ვიპ ფეი“ ეროვნული ბანკის რეგულირებას ექვემდებარება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ნანა ყეინიშვილი საბჭოს სხდომებს დროებით ჩამოშორდება.
























