პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, დღეს, სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწვეულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მის წარდგენილ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურას არ განიხილავენ.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ BMG-ის უთხრა, პარლამენტი კანდიდატებს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ პრეზიდენტი ყველა მათგანს ერთად წარადგენს. ამ ეტაპზე, ზურაბიშვილმა პარლამენტს ასარჩევად მხოლოდ ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა წარუდგინა.
პაატა კვიჟინაძის შეფასებით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის მიმართ არაკონსტრუქციულია, რადგან კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაციებს არ გადის.
„პრეზიდენტი ეროვნული ბანკის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, კონსტრუქციულად არ იქცევა. ჯერ ერთი, ის, რომ ეროვნულ ბანკს არ ჰყავს თავისი პრეზიდენტი, ეს პარლამენტის და მთავრობის საქმე საერთოდ არ არის. მეორე, საბჭოს წევრებთან დაკავშირებით ჩვენთან არ გადის კონსულტაციებს. ჩვენ მას მილიონჯერ ვუთხარით, პირადად მეც, რომ უნდა მოხდეს კონსულტაცია, ეს არის ევროპული გზა, კონსენსუსი, მთელი ევროპა არის დამყარებული კონსენსუსზე, მთელს მსოფლიოში ასე ხდება. იმის მიუხედავად, რომ არ იქცევა სწორად, მისი 4 კანდიდატიდან, რომელიც წინაზე წარმოადგინა, 2 დავამტკიცეთ. მთავარი პირობა დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმია. როგორც ინფორმაცია გვაქვს, პრესიდან გავიგეთ, 5 კანდიდატი ჰყავს. თუ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ კონსულტაცია არ გაგვივლია, შევეცდებით, რომ იქიდან ავარჩიოთ და მხარი დავუჭიროთ. რა უნდა, რომ ახლა ჩავატაროთ ერთი ადამიანის განხილვა, ორ კვირაში კიდევ ერთის და მაგის დღის წესრიგზე ვიყოთ?“,- ამბობს პაატა კვიჟინაძე.
ეროვნული ბანკის საბჭო ლეგიტიმაციის ზღვარზე მუშაობს და 9 წევრის ნაცვლად მასში 5 წევრია, თუმცა პაატა კვიჟინაძის შეფასებით, რისკები გადაზღვეულია.
„უნდოდათ ზუსტად, რომ მუშაობა ჩაშლილიყო, 3 კაცი წავიდა, პრეზიდენტს ვადა გაუვიდა, ამიტომ მივიღეთ ის კარგი კანონი, რომელმაც ეს გადააზღვია. ახლა არის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და კანდიდატებიც...“,- ამბობს პაატა კვიჟინაძე.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იმართება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოთხოვნით მოიწვია. სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს უყრიან კენჭს. სხდომის მოწვევისას, პრეზიდენტმა მოუწოდა პარლამენტს, რომ ასევე კენჭი ეყარა 2024 წლის 24 მაისს მის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურისთვის, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი.