მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს პაატა კვიჟინაძე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს - პასუხი

პაატა კვიჟინაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კომუნიკაცია კვლავ არ ყოფილა.

როგორც კვიჟინაძემ BMG-ს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს დაუჭერს, თუ პროფესიონალები და დამოუკიდებლები იქნებიან.

„ვნახოთ ვის წარმოადგენს, ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მათგან თუ ვინმე პროფესიონალი და დამოუკიდებელი იქნება და ამ კუთხით კითხვები არ იარსებებს, დავამტკიცებთ. თუ არ იქნება, 7 თვეში პრეზიდენტის არჩევნებიც არის და პარლამენტის, ახალმა პარლამენტმა და პრეზიდენტმა გადაწყვიტონ“,- ამბობს კვიჟინაძე.

მისივე თქმით, დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრაზე, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ეროვნულ ბანკს უკავშირდებოდა, თუმცა საუბარი ძირითადად ისეთ თემებს შეეხო, როგორებიცაა: ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, ვალი, სახელმწიფო საწარმოები.

ამასთან, კვიჟინაძე ამბობს, რომ მისიის წევრებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზეც ესაუბრა, რომლის შედეგადაც სებ-ში ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გაჩნდა.

„სურვილი აქვთ მოგვეხმარონ, ისეთი ცვლილებები შევიდეს კანონში, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობას წაადგება. ზოგადი საუბარი გვქონდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სებ-ის საბჭოს არააღმასრულებელი წევრების რაოდენობის, მათი უფლებამოსილებების გაზრდა. ვუთხარი, რომ მზად ვართ მათი წინადადებების განსახილველად“,- ამბობს კვიჟინაძე.

გასულ წელს, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ სანქციების აღსრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის და შესაბამისად, სებ-ის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება სამმა ვიცე პრეზიდენტმა: პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი 2023 წლის 21 სექტემბერს აირჩია. საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 4 ვაკანტური პოზიციაა. განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ამბობენ, რამდენ აპლიკანტს სურს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს თავს არიდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები