საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სუბირ ლალი განმარტავს, რა რეკომენდაციები აქვს ფონდს საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურასთან დაკავშირებით.
როგორც სუბირ ლალიმ BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ერთ-ერთი რეკომენდაცია სებ-ის საბჭოს არააღმასრულებელი წევრების რაოდენობის გაზრდას ეხება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის უფლებამონაცვლეობის საკითხის სათანადოდ განსაზღვრა.
„რამდენიმე საკითხია, რამდენიმე მნიშვნელოვანს გამოვყოფ... მიზანი ისაა, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა შენარჩუნებული იყოს. ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა. კარგი პრაქტიკაა, რომ საბჭოში უმრავლესობა არააღმასრულებელი წევრი იყოს. ეს საბჭოს გაფართოების ერთ-ერთი გზაა. უნდა განვიხილოთ ერთიანი სურათი, როგორ შეიძლება მიზნები იყოს მიღწეული. ასევე, უფლებამონაცვლეობის საკითხები უნდა იყოს კარგად ჩამოყალიბებული და მკაფიო, ვინ იქნება შემდეგი ხელმძღვანელი. კიდევ ერთი საკითხი ისაა, რომ სებ-ში საპრეზიდენტო მმართველობის მოდელია. არსებობს სხვა მოდელები, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო კოლეგიალურია. ეს საკითხებია ჩვენი დისკუსიის ნაწილი. ამჟამად არის ვაკანსიები საბჭოში, თუმცა ეს ცალკე საკითხია და განცალკევებულად განვიხილავთ, რა იქნებოდა სებ-ის სტრუქტურის იდეალური ვარიანტი“, - განაცხადა სუბირ ლალიმ სებ-ში გამართულ ბრიფინგზე.