საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასება თვალში ნაცრის შეყრას უფრო ჰგავს, ვიდრე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ობიექტურ ანალიზს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
IMF-ის მისიამ საქართველოში შეხვედრები 9-13 ნოემბერს გამართა. ვიზიტის შემაჯამებელ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს, ვინაიდან ნერგავს კოლეგიალურობის პრინციპს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას, აძლიერებს სებ-ის მმართველი საბჭოს წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმს და საბჭოს წევრობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს. IMF-ის მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას, გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც დაინერგოს. ამასთან, მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომ სებ-ის მმართველ საბჭოში არამმართველი წევრების უმრავლესობა მუდმივად იქნეს შენარჩუნებული, ადრე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
გოცირიძის განცხადებით, კანონში შეტანილი უმნიშვნელო ცვლილებების დადებითი შეფასებით, სავალუტო ფონდი ხელს უწყობს პროცედურული ცვლილებების მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმად წარმოჩენას, მაშინ როცა ეროვნული ბანკის რეალური დამოუკიდებლობა კვლავ გამოწვევაა.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მუშაობა დაასრულა და ვრცელი განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელიც, ჩემი შეფასებით, ადეკვატურად ვერ ასახავს ქვეყანაში არსებულ საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობას.
შევეხები ამ განცხადებაში მოყვანილ მხოლოდ ერთ საკითხს. მისია დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის კანონში ახლახან შეტანილ ტექნიკური ხასიათის უმნიშვნელო ცვლილებებს და ცდილობს, ისინი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვან მიღწევად წარმოაჩინოს.
საკითხი ეხება ეროვნული ბანკის აპარატში არსებული მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცედურის დახვეწას.
ეს კომიტეტი ეროვნული ბანკის შიდა სტრუქტურაა და არსებული მმართველობითი მოდელის პირობებში, მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სურს. ასეთ ვითარებაში კენჭისყრის პროცედურების ცვლილების მნიშვნელოვან რეფორმად წარმოჩენა არასერიოზულია.
სსფ-ის მისიისგან კი მოსალოდნელი იყო არა კანონში შეტანილი ფორმალური ცვლილებების მოწონება, არამედ იმის შეფასება, რეალურად ვინ ფლობს გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლებას, ვინ აკონტროლებს ამ პროცესს და არსებობს თუ არა ეროვნულ ბანკში დამოუკიდებელი ინსტიტუციური შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები.
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კომიტეტების რაოდენობით, სხდომების ფორმატითა და კენჭისყრის პროცედურებით არ იზომება. იგი ძალაუფლების რეალური განაწილებით განისაზღვრება. თუ ეს განაწილება არ შეცვლილა, რაიმე სახის გაუმჯობესებაზე საუბარი მხოლოდ არსებული ღრმა პრობლემის მიჩქმალვას უწყობს ხელს.
რა კოლეგიური მართვის გაუმჯობესებაზეა საუბარი, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოც კი, რომელიც რეალური კონტროლისა და ძალაუფლების დაბალანსების მთავარი ინსტიტუტი უნდა იყოს, პრაქტიკულად ბუტაფორიად არის ქცეული და მისი სხდომები ფორმალურ ხასიათს ატარებს?
ამ ფონზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის როლის გაძლიერების მნიშვნელოვან მიღწევად წარმოჩენა განსაკუთრებით ცინიკურია. კომიტეტს თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქმნის, თავად განსაზღვრავს მის შემადგენლობას და მას ძირითადად ეროვნული ბანკის აპარატის წარმომადგენლებით აკომპლექტებს.
ანუ, პრეზიდენტის გავლენის ქვეშ მყოფი სისტემის შიგნით იქმნება კომიტეტი და ამას კოლეგიური მართვის გაძლიერებად წარმოგვიდგენენ.
ასევე, საბჭოს წევრობისთვის შესაბამისი პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილების მოთხოვნის დაწესება, მართალია, დადებითი ცვლილებაა, მაგრამ ეს აქამდე არსებული პრაქტიკის ფორმალიზებაა. არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც საბჭოს წევრად ამ მოთხოვნაზე ნაკლები გამოცდილების მქონე პირი დაენიშნოთ. პრობლემა პროფესიული კვალიფიკაციის ნაკლებობა კი არ ყოფილა, არამედ საბჭოს ფაქტობრივი უუფლებობა და გადაწყვეტილებების ერთი ცენტრიდან, მათ შორის პოლიტიკური მოტივებით მიღება.
ეს ინსტიტუციური რეფორმა კი არა, პროცედურული ცვლილებების მნიშვნელოვან მიღწევად შეფუთვაა, რასაც სავალუტო ფონდის მისიაც ხელს უწყობს.
სავალუტო ფონდის მისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასება ამ შემთხვევაში თვალში ნაცრის შეყრას უფრო ჰგავს, ვიდრე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ობიექტურ ანალიზს.
თუ ძალაუფლება კვლავ იმავე ხელშია-სინამდვილეში კი მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი გავლენის ქვეშ - მაშინ კოლეგიური მართვის გაუმჯობესებაზე საუბარი მხოლოდ არსებული მანკიერი სისტემის შენარჩუნებას უწყობს ხელს და მისი საერთაშორისო მხარდაჭერის ილუზიას ქმნის",- წერს რომან გოცირიძე.
























