"ჩვენ ვუყურებთ მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებს. ინსტიტუციური მოწყობა რაოდენობრივ მხარეს სწორედ ამ მმართველობის ინდიკატორებით იზომება", - ამის შესახებ Fitch Ratings-ის სუვერენული რეიტინგების ჯგუფის დირექტორმა და ანალიტიკოსმა გრეგ ქისმა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში, ეროვნულ ბანკზე საუბრისას განაცხადა.
მან უპასუხა კითხვას, სებ-ის მმართველობის ჩარჩოში ადრე განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებისა და ბოლო დროის პოლიტიკური თუ კორუფციასთან დაკავშირებული ყურადღების გათვალისწინებით, როგორ ზომავს და აფასებს Fitch-ი ცენტრალური ბანკის ნდობას და დამოუკიდებლობას.
გრეგ ქისის თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ინფლაციის დონეა.
"ჩვენი პერსპექტივიდან, ცენტრალური ბანკი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოსა და მმართველობის ჩარჩოს ნაწილია. ჩვენ ვუყურებთ მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებს. ინსტიტუციური მოწყობა რაოდენობრივ მხარეს სწორედ ამ მმართველობის ინდიკატორებით იზომება.
მეორე მხრივ, ეკონომიკური პოლიტიკის მხარეს, ჩვენს ანალიზში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ინფლაციის დონე. ის, რასაც საქართველოში ვხედავთ, ძალიან ჰგავს ევროპის ქვეყნების უმეტესობას, სადაც ინფლაციური შოკი ენერგომატარებლებს უკავშირდება, თუმცა ეს ძირითადად დროებით ხასიათს ატარებს. ეს არ აისახება საბაზო ინფლაციის ტენდენციებში და, შესაბამისად, ველოდებით, რომ ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და დაუახლოვდება 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს 2027-2028 წლებში", - ამბობს გრეგ ქისი.
კითხვაზე, Fitch-ის სარეიტინგო კომიტეტი ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებულ ინსტიტუციურ სკანდალს ცალკეულ ინციდენტად განიხილავს თუ მას მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში ასახავს, გრეგ ქისი ასე პასუხობს: "ჩვენი ხედვით, პოლიტიკური რისკები - მათ შორის, შიდაპოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური რისკები - ჩვენი სარეიტინგო შეფასების ნაწილია. ჩვენ მათ პირველ რიგში მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მეშვეობით ვუყურებთ. ქვეკომპონენტი „პოლიტიკური სტაბილურობა“ ზუსტად ასახავს შიდაპოლიტიკურ სიტუაციას. ჩვენ ვუყურებთ ამ ინდიკატორს და, როგორც აღვნიშნე, ასევე ვუყურებთ საერთო ეკონომიკურ შედეგებს. ჩვეულებრივ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ინსტიტუტების ხარისხი მჭიდრო კორელაციაშია ეკონომიკურ მაჩვენებლებთან",- განაცხადა Fitch Ratings-ის სუვერენების ჯგუფის დირექტორმა.
30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა. შეფასებაში აღნიშნულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორები სუვერენული რეიტინგისთვის.
"საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და უფლებების მიმართულებით მინიჭებული აქვს ESG რელევანტურობის 5-იანი ქულა, ხოლო კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური და მარეგულირებელი ხარისხისა და კორუფციის კონტროლის მიმართულებით — 5[+]-იანი ქულა. აღნიშნული შეფასებები ასახავს მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების (WBGI) მაღალ წონას ჩვენს სუვერენული რეიტინგის მოდელში (SRM). საქართველოს WBGI-ის რეიტინგი საშუალო დონეზეა და 54-ე პროცენტილს შეადგენს, რაც მიუთითებს ინსტიტუციურ შესაძლებლობათა ზომიერ დონეზე, კანონის უზენაესობის დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, კორუფციის ზომიერ დონესა და რუსეთთან მოუგვარებელ კონფლიქტთან დაკავშირებულ პოლიტიკურ რისკებზე",- წერია ანგარიშში.
























