პროკურატურა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობას" სწავლობს. უწყების თანახმად, გამოძიება შპს „ბიტექსჩეინჯის“ (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო.
შპს „ბიტექსჩეინჯი" 2020 წელს არის რეგისტრირებული და მისი ძირითადი საქმიანობა კრიპტოვალუტის კონვერტაციაა. კომპანია კრიპტო აპარატებს აწარმოებს. ვებგვერდის თანახმად, შპს „ბიტექსჩეინჯის" ქსელი, საქართველოს მასშტაბით უკვე 75 კრიპტო აპარატს ითვლის, რომელთა საშუალებითაც ლარის სანაცვლოდ კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.
სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქე დავით ორჯონიკიძეა, დირექტორი ასევე არის ნინო ქოპილაშვილი.
უახლესი ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიამ 2024 წელს 5.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, წმინდა მოგებამ კი 3.2 მლნ ლარი შეადგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული გარემოებები გამოძიების ფარგლებში უნდა გადამოწმდეს.
საკითხზე თავად ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ვირტუალური აქტივების პროვაიდერი შპს „ბიტექსჩეინჯი“ დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის გეგმური შემოწმების შედეგად. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით შესაბამისი გადაწყვეტილება სებ-ის ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნებული გამოქვეყნებული არაა, შესაბამისად ჯარიმის ოდენობა უცნობია.
























