მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეროვნული ბანკის განცხადება დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლოა" - Bitxchange-ის საჯარო მიმართვა

Bitxchange

კომპანია "ბიტექსჩეინჯი" (Bitxchange) საჯარო მიმართვას ავრცელებს, რომლითაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2026 წლის 9 ოქტომბრის განცხადებას პასუხობს.

კერძოდ, კომპანია მარეგულირებლის მიერ "ბიტექსჩეინჯისთვის" დაკისრებული 572 მლნ ლარის ჯარიმის შესახებ გავრცელებულ განცხადებას დაუსაბუთებელს და უპასუხისმგებლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ჯარიმა სასამართლოშია გასაჩივრებული.

კომპანიაში იმასაც აცხადებს, რომ სებ-ს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილის მიერ რეგულირებული კომპანიების საქმიანობაში შესაძლო ფაქტობრივი მონაწილეობისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არაერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია.

"საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2026 წლის 9 ოქტომბერს შპს „ბიტექსჩეინჯისა“ და მისთვის დაკისრებული 572,118,000 ლარის ჯარიმის შესახებ გავრცელებული განცხადება დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლოა, ისევე როგორც თავად მარეგულირებლის ქმედებები და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის კანონიერებაც ამჟამად სასამართლოშია გასაჩივრებული. განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ეროვნული ბანკი საჯაროდ წარმოაჩენს სადავო დასკვნებს დადასტურებულ ფაქტებად მაშინ, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება ამავე უწყების საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ.

ეროვნულ ბანკს თვეების განმავლობაში ხელთ ჰქონდა ჩვენი არაერთი ოფიციალური მიმართვა, რომლებშიც დეტალურად იყო აღწერილი შემოწმების მიმდინარეობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კონკურენტების მიმართ შერჩევითი მოპყრობის გარემოებები. ჩვენ ვითხოვდით ამ საკითხების შესწავლას, ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან დროებით ჩამოშორებასა და შემოწმების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას. ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყო და შესაბამისი რეაგირების ნაცვლად კომპანიას უპრეცედენტო, ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი და აშკარად არაპროპორციული ჯარიმა დააკისრა.

შერჩევითი მოპყრობის კონკრეტული მაგალითია ჩვენი პირდაპირი კონკურენტი, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებული შპს „კრიპტომატი“. მარეგულირებლის უმოქმედობამ „ბიტექსჩეინჯი“ არჩევანის წინაშე დააყენა: ან კონკურენტისგან განსხვავებით ცალმხრივად აგვემოქმედებინა მომხმარებელთა იდენტიფიკაცია, რაც კომპანიის შემოსავლების კატასტროფულ შემცირებასა და გადახდისუუნარობის საფრთხეს ქმნიდა, ან დავლოდებოდით ყველა ოპერატორისთვის შეთანხმებულ თარიღს.

განსაკუთრებით საყურადღებოა მოვლენათა ქრონოლოგია და თანდართული აუდიომტკიცებულება. 2026 წლის 18 თებერვალს გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა პატიმრობიდან. 25 თებერვალს „კრიპტომატის“ წარმომადგენელმა ვახტანგ ვახტანგიშვილმა გვაცნობა, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაციის ამოქმედების თარიღი — 2 მარტი, 13:00 საათი — ეროვნულ ბანკთან ჰქონდათ შეთანხმებული. შეთანხმებულ თარიღზე იდენტიფიკაცია ორივე კომპანიამ აამოქმედა, თუმცა 13 მარტს „კრიპტომატმა“ იგი კვლავ გათიშა.

ჩვენს შეკითხვაზე ვახტანგიშვილმა 15 მარტს გამოგვიგზავნა თანდართული აუდიოშეტყობინება, რომელშიც ისმის ფრაზები: „რაც ბოლო პერიოდში მოხდა“, „არ გვართვევინებდნენ“, „მოვგვარდით“. ჩანაწერის ბოლოს იგი ასევე აცხადებს, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაციას მომდევნო სამშაბათს ჩართავდნენ. თუმცა ეს „სამშაბათი“ რამდენიმე თვის განმავლობაში არ დადგა — „კრიპტომატი“ კვლავ აგრძელებდა საქმიანობას მომხმარებელთა იდენტიფიკაციის გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკი, არაერთი შეტყობინებისა და წარდგენილი მტკიცებულების მიუხედავად, მოთხოვნების თანაბარ აღსრულებას არ უზრუნველყოფდა.

აღნიშნული გარემოებები, ბაჩიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მანამდე მისი, როგორც „კრიპტომატის“ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის, კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პრობლემების გათვალისწინებით, მიუთითებს არსებული დაბრკოლებების მოგვარების მცდელობაზე. მიმოწერა და აუდიოჩანაწერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დასადასტურებლად, რომ ეროვნული ბანკი ინფორმირებული იყო „კრიპტომატის“ საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესებისა და იდენტიფიკაციის ამოქმედების შეთანხმებული პირობების შესახებ. მიუხედავად ამისა, მარეგულირებელმა მოთხოვნების თანაბარი აღსრულება არ უზრუნველყო.

„ბიტექსჩეინჯმა“ იდენტიფიკაციის მოთხოვნების შესრულება განაგრძო, რამაც იგი კონკურენტულად არათანაბარ პირობებში ჩააყენა და შემოსავლების კატასტროფული შემცირება გამოიწვია. ეროვნულ ბანკს დარღვევების შესახებ არაერთხელ მივაწოდეთ წერილობითი შეტყობინებები და ვიდეომტკიცებულებები, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი, მძიმე ფინანსური დანაშაულისთვის ნასამართლობის მიუხედავად, კვლავ ფიგურირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელად. ეროვნული ბანკის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირს ასეთ მონაწილეობას უკრძალავს. მოვითხოვთ განმარტებას, რატომ არ იქნა უზრუნველყოფილი აღნიშნული მოთხოვნის აღსრულება, ჩატარდა თუ არა „კრიპტომატში“ ანალოგიური შემოწმება და რატომ არ გამოიყენა მარეგულირებელმა ამ კომპანიის მიმართ ის საზედამხედველო ზომები, რომლებიც „ბიტექსჩეინჯის“ მიმართ გამოიყენა.

ცალკე პასუხს მოითხოვს ნანა ყეინიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესების საკითხი. ეროვნულ ბანკს არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია და მტკიცებულებები ყეინიშვილის მიერ რეგულირებული კომპანიების საქმიანობაში შესაძლო ფაქტობრივი მონაწილეობისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. მოვითხოვთ განმარტებას, როგორ დარეგისტრირდნენ და საქმიანობდნენ მასთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები, როგორ დადგინდა მათი ფაქტობრივი მფლობელობა და კონტროლი და როგორ იყო უზრუნველყოფილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება მათი რეგისტრაციისა და ზედამხედველობის პროცესში. რატომ გახდა ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან ჩამოშორება შესაძლებელი მხოლოდ საკითხის საჯაროდ გახმაურების შემდეგ, როდესაც შესაბამისი მოთხოვნა თვეებით ადრე გვქონდა წარდგენილი?

მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, შეწყვიტოს სადავო დასკვნების დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა და საჯაროდ უპასუხოს მისივე ქმედებებისა და უმოქმედობის შესახებ დასმულ კითხვებს. სახელმწიფო მარეგულირებელი ვალდებულია, კანონი თანაბრად აღასრულოს და უზრუნველყოს მიუკერძოებელი ზედამხედველობა. თუ ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს ჩვენი მოთხოვნების უგულებელყოფასა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებას, კომპანიის წარმომადგენლები საჯაროდ, მაქსიმალური დეტალიზაციით წარმოადგენენ მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგიას, დოკუმენტურ მტკიცებულებებსა და ეროვნული ბანკის კონკრეტული თანამდებობის პირების როლს აღნიშნულ პროცესებში, კანონით დასაშვებ ფარგლებში",- აცხადებენ კომპანიაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით 10 ოქტომბერსაც გაავრცელა განცხადება, სადაც დაჯარიმების პროცედურასა და ისტორიას განმარტავს. სწორედ კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებები და მათ მიერ წარდგენილი აუდიოჩანაწერები გახდა პროკურატურაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი. სებ-ის თანახმად, შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ კომპანიას 572 მლნ ლარით დაჯარიმება უკავშირდება მის მიერ სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, უსაფუძვლოა და საზოგადოებისთვის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ნანა ყეინიშვილი, ₾572-მილიონიანი ჯარიმა და BitXchange-ი - ყველაფერი, რაც დღეს გავიგეთ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები