საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი მუშაობას შეუდგნენ.
ინფორმაცია BMG-ის ეროვნული ბანკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
BMG-ის რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, არც ნანა ყეინიშვილი და არც თეიმურაზ ხომერიკი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრებად ორივე კანდიდატი ისე დაამტკიცა, რომ ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი პარლამენტში არც გამოცხადდნენ. შესაბამისად, უცნობია, ეროვნულ ბანკში შექმნილი კრიზისის დაძლევის რა ხედვა აქვთ ახალ წევრებს და ზოგადად, რას მიიჩნევენ გამოწვევად.
სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის ბიოგრაფიები
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი 21 სექტემბერს დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ პლენარულ სხდომამდე საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანდიდატები არ გამოცხადდნენ. როგორც მაშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურების წარდგენაზე უარს აცხადებდა.
არსებული ვითარების მიუხედავად, პრეზიდენტის კანდიდატურებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში სამი ვიცე-პრეზიდენტის მიერ თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილების გამო, ეროვნული ბანკის საბჭო ქმედუუნაროდ გამოცხადდებოდა.
ამ დრომდე პასუხგაუცემელია პასუხი კითხვაზე - რა კრიტერიუმით შეარჩია სალომე ზურაბიშვილმა თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად და მათთან ერთად, კიდევ ვის სურდა 7-წლიანი მანდატი.
თავად პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, მმართველი ძალის ლუსტრაცია სურდა.
„ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.