საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 9-წევრიან საბჭოში მხოლოდ 5 წევრია, მაგრამ სებ-ში ირწმუნებიან, რომ როგორც საბჭო, ისე მთლიანად ეროვნული ბანკი, ეფექტიანად მუშაობს.
ასე უპასუხეს სებ-ში BMG-ის რამდენიმე კითხვას, რომელიც სებ-ის საბჭოს წევრების სრულად დაკომპლექტების საჭიროებას შეეხებოდა. ჩვენ გვაინტერესებდა, როგორ აისახება სებ-ის საბჭოს საქმიანობაზე ის მდგომარეობა, რომ 9-წევრიანი საბჭო, უკვე რამდენიმე თვეა, ლეგიტიმაციის ზღვარზე - 5 წევრით მუშაობს, საიდანაც 3 აღმასრულებელი წევრია, ხოლო 2 - არააღმასრულებელი.
სებ-ის საბჭოს აღმასრულებელი წევრები არიან - ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს და ეკა მიქაბაძე და ეკა გალდავა, რომლებიც ვიცე-პრეზიდენტები არიან. სებ-ის საბჭოს ორი არააღმასრულებელი წევრი კი, თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი არიან.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა და BMG-ის შეთავაზებისა, სებ-ის საბჭოს წევრებთან - ვერც აღმასრულებელ და ვერც არააღმასრულებელ წევრებთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
რა ხდება დღეს?
16 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მოუწოდა, რიგგარეშე სხდომაზე, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურასაც უყარონ კენჭი.
საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს, სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოში ვაკანტურ პოზიციებზე საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად მხოლოდ ერთი - ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა წარუდგინა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოში 4 ვაკანტური პოზიციაა და სპეციალურად შექმნილმა კომისიამ სალომე ზურაბიშვილთან 5 კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტს უპასუხეს, რომ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავდნენ, თუ სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურას ოთხივე ვაკანტურ პოსტზე წარადგენს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომები დღეს და ხვალ არის ჩანიშნული. BMG-ს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ უთხრა, რომ ამ საკითხზე აზრი არ შეუცვლიათ. "როგორც პრესიდან გავიგეთ, 5 კანდიდატურა ჰყავს. თუ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ კონსულტაცია არ გაგვივლია, შევეცდებით, იქიდან ავარჩიოთ და მხარი დავუჭიროთ. რა უნდა, რომ ახლა ჩავატაროთ ერთი ადამიანის განხილვა, ორ კვირაში კიდევ ერთის და მაგის დღის წესრიგზე ვიყოთ?!“, - ამბობს პაატა კვიჟინაძე.
BMG-ის კითხვები ეროვნულ ბანკს:
- რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის სრულფასოვანი საქმიანობისთვის სებ-ის საბჭოს სრულად დაკომპლექტება და/ან მაქსიმალურად დამატება ახალი წევრების, რადგან უკვე თვეებია სებ-ის საბჭო ლეგიტიმაციის ზღვარზე მუშაობს.
- სებ-ის 9-წევრიანია საბჭოს 5 წევრით საქმიანობა რამდენად აფერხებს საბჭოს სრულყოფილად მუშაობას და თუ არ აფერხებს, მაშინ საერთოდ რა საჭიროა 9 წევრი?
- გთხოვთ, დეტალურად მოგვწეროთ, სებ-ის საბჭოს ნაკლული წევრებით მუშაობის გამო, რა თემებს ვერ ექცევა სათანადო ყურადღება ეროვნული ბანკის მხრიდან?
- გასაგებია, რომ სებ-ის პრეროგატრივა არაა, მაგრამ ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას პარლამენტისთვის, განიხილონ მის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი?
ეროვნული ბანკის პასუხი BMG-ის:
"საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო სრულად ქმედუნარიანია. მის ფუნქციონირებას არც იურიდიული და არც პრაქტიკული საფრთხე არ შეჰქმნია.
სებ-ის საბჭო რეგულარულად იკრიბება, განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მათ შორის, საბჭომ დაამტკიცა 2024 წლის სებ-ის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი, მიიღო არაერთი გადაწყვეტილება სებ-ის ორგანიზაციულ სტრუქტურასთან დაკავშირებით, დაამტკიცა საქართველოს პარლამენტში წარსადგენი სებ-ის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და საფინანსო ანგარიშგება და ა.შ.
ასევე, სებ-ის საბჭოს არააღმასრულებელი წევრები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კომიტეტის საქმიანობაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობისა და საფინანსო სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, ხოლო საფინანსო სისტემა ჯანსაღი, კარგად კაპიტალიზებული და გამართული საზედამხედველო მიდგომებით, რომელმაც არაერთხელ აჩვენა მდგრადობა შოკების მიმართ.
შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭო და მთლიანად ეროვნული ბანკი ეფექტიანად ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას.
რაც შეეხება საკითხს საბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით, აღნიშნული სრულად წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივას, თუ ვის კანდიდატურას შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს“.
IMF-ის შეჩერებული პროგრამა, დამოუკიდებლობის საფრთხეები - რას წერს Fitch-ი ეროვნულ ბანკზე?
შეგახსენებთ, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა , რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.