საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი BMG-ისთან საუბარში აღნიშნავს, რომ არსებობს ორი შესაძლებლობა ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ შეჩერებული პროგრამა ოფიციალურად 2025 წლის ივნისში სრულდება, მისი აღდგენის მოლაპარაკებებისთვის არც თუ ისე ბევრი დრო რჩება, რასაც თან ერთვის ისიც, რომ 2024 წელი საქართველოში საარჩევნო წელია და ხელისუფლებას შეიძლება ამჟამად არ გააჩნდეს ფინანსური რეფორმების გატარების მზაობა. ამიტომაც, ჯუველი არ გამორიცხავს, შესაძლებლობას, რომ შეჩერებული პროგრამა არ გაგრძელდეს და მის სანაცვლოდ მომავალ წელს ახალ პროგრამაზე დაიწყოს მოლაპარაკებები.
"რაც შეეხება პროგრამას, პროგრამა სამწლიანია და ის წესით მომდევნო წელს სრულდება. ჩვენ ვიცით რომ წელს საარჩევნო წელია და როგორც წესი საარჩევნო წლებში მსგავსი რეფორმები რთულია. ეს პროგრამა შეიძლება განახლებულ იქნეს, ან შეიძლება დაველოდოთ არჩევნებს და უკვე შემდეგი წლისთვის, უკვე ახალი პროგრამის შესახებ ვიმსჯელოთ.
თუკი ხელისუფლებას სურს პროგრამის განახლება, ჩვენ მათ ავუხსენით თუ რა ზომების გატარება გვინდა რომ ვიხილოთ, თუკი ფიქრობენ რომ ამჟამად ამის დრო არაა, ან აღარ სურთ წარსულში აღებული ვალდებულებების მიმართ ერთგულების შენარჩუნება, ამ შემთხვევაში ვფიქრობ ახალი პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება უფრო ეფექტიანი იქნება", - განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.
IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა , რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.
ამ ფაქტების გამო, IMF-ის პროგრამა შეჩერდა, რადგანაც საქართველოს მთავრობას ფონდთან გაფორმებულ მემორანდუმში ვალდებულებად ჰქონდა აღებული, რომ ხელისუფლება ფონდთან შეუთანხმებლად სებ-ის კანონმდებლობას არ შეცვლიდა, პარლამენტის მიერ დაძლეული ვეტო კი სწორედ ამ ვალდებულების დარღვევას წარმოადგენდა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. ფონდი მიიჩნევს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ასახული უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელიც ასახულია ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებულ სტრატეგიაში. თუმცა, როგორც ენდრიუ ჯუველი BMG-სთან აღნიშნავს, კანონპროექტში, რომელიც მათ იხილეს ამ სტრატეგიით განსაზღვრული პუნქტები სრულად ასახული არაა. საუბარია სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის მიცემაზე და ამ უწყების მიერ სახელმწიფო კომპანიების ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგზე.