მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონპროექტში სტრატეგიის პრინციპები აღარ იყო ასახული - IMF სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე

imf

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონპროექტში ასახული არაა ის პრინციპები, რაც აღნიშნული იყო იმ სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ IMF-თან კოორდინაციით ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცა. ამის შესახებ მან BMG-სთან ისაუბრა.

საუბარია იმაზე, რომ 2022 წელს მიღებული რეფორმის სტრატეგიის შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოთა შესახებ კანონმა უნდა უზრუნველყოს ფინანსთა სამინისტროსთვის ყველა იმ სათანადო უფლებამოსილების მინიჭება, რაც, მას ფისკალური რისკების მონიტორინგის და აცილების ზედამხედველის როლის შესასრულებლად სჭირდება.

IMF-ის შეფასებით, მკაცრად უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფო საწარმოებში მთავრობის როგორც აქციონერის, მარეგულირებლის და პოლიტიკის წარმართვის ფუნქციები, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით.

"ჩვენ გვქონდა ვრცელი დიალოგი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ არის შესაძლებელი ამ ამოცანების შესრულება. არსებობდა რეფორმის სტრატეგია, რომელიც ხელისუფლების მიერ იყო მიღებული 2022 წლის დეკემბერში. ჩვენ და მსოფლიო ბანკი ამ სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად ვმონაწილეობდით, შემდეგი ნაბიჯია ამ სტრატეგიის შესაბამისი კანონის მიღება, რომელიც ამ სტრატეგიას დანერგავს. ჩვენ ვიხილეთ კანონპროექტი და ვფიქრობთ, რომ ის არ არის თანხვედრაში იმ სტრატეგიასთან რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას ვიღებდით. ხელისუფლებას აქვს გარკვეული ეჭვები იმ ვალდებულებებთან მიმართებით, რომელთა შესრულებაც მან პირობად დაისახა ამ სტრატეგიული დოკუმენტის სახით. შესაბამისად, ჩვენ ამჟამად ვთანამშრომლობთ, რათა შევხედოთ სხვადასხვა გზებს რათა მივაღწიოთ იგივე ამოცანებს. ეს ამოცანებია სექტორში მეტი ეფექტიანობის შემოღება, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ფინანსთა სამინისტროს გააჩნია ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობა აღნიშნული საწარმოების მიმართ.

არის კითხვები თუ ვინ უნდა ფლობდეს ამ საწარმოებს. ამჟამად, ეს ფუნქცია გააჩნია ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო დისკუსიები შეეხება იმ შესაძლებლობას, რომ ფინანსთა სამინისტროს გააჩნდეს ეს შესაძლებლობა და გაინაწილოს საკუთრების უფლება. სტრატეგიაში იყო განსაზღვრული სწორედ ეს შესაძლებლობა, რომ საწარმოების ფლობა იქნებოდა ამ სამინისტროებს შორის გაზიარებული. თუმცა, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არ არის მათთვის ყველაზე მისაღები შესაძლებლობა. ამიტომაც ჩვენ გვსურს შევისწავლოთ და შევაფასოთ სხვა შესაძლებლობებიც.

კანონპროექტი ჯერ პარლამენტში არაა წარდგენილი და ის ჯერ სამუშაო დოკუმენტის სახით არსებობს. უნდა ვიხილოთ საბოლოოდ რა სახით წარედგინება პარლამენტს ეს კანონპროექტი და რა სახით იქნება სტრატეგიით განსაზღვრული საკითხები კანონპროექტში ასახული", - განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის შესახებ შეფასება განაახლა. ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ის ნაცვლად, 5.7%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები