რომელი უწყების მფლობელობაში იქნება სახელმწიფო საწარმოები - საკითხი, რომელიც საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის დისკუსიის საგანი იყო, ამ დრომდე არაა გადაჭრილი.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ BMG-ის განუცხადა, ამ თემაზე IMF-თან კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შემუშავდება პროექტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს დაარეგულირებს.
გიორგი კაკაურიძის თქმით, სახელმწიფო საწარმოების სტრატეგიის მიხედვით, სახელმწიფო კომპანიების 50-50%-იანი წილები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შორისაა გადანაწილებული. თუმცა მისი თქმით, მფლობელობის საბოლოო მოდელი შესაძლოა, შეიცვალოს.
„სახელმწიფო საწარმოები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დაწყებულია რამდენიმე საწარმოში. რაც შეეხება მფლობელობის საკითხს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა პრაქტიკები. პრაქტიკაში არის ის, რომ ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, პოლიტიკის განმახორციელებელი უწყებების დაქვემდებარებაში იყოს და ზოგიერთ შემთხვევაში დამოუკიდებელი სტრუქტურის ქვეშ არიან. კონსულტაციები კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ამაზე მიღებული არ არის. არსებული სტრატეგიის მიხედვით, 50%-იანი წილი საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორისაა. თუმცა ეს შეიძლება არ იყოს საბოლოო გადაწყვეტილება. ოქტომბერში, სავალუტო ფონდის შეხვედრების შემდეგ დამატებით კონსულტაციები გვექნება მათთან, ტექნიკური დახმარების მისიასთან ან ახალთან. საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დღეს არსებული პრაქტიკა როგორ მუშაობს ორი უწყების მფლობელობაში, რომელ ქვეყანაში, რა დადებითი და უარყოფითი გამოცდილებაა, წარვადგენთ ჩვენს მოსაზრებას, შესაბამისად, ვფიქრობთ, წლის ბოლომდე შემუშავებული იქნება ახალი პროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მომდევნო წელს განიხილავს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი რამდენიმე თვის წინ BMG-სთან აცხადებდა, სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონპროექტში ასახული არ იყო ის პრინციპები, რომელსაც შესაბამისი სტრატეგია ითვალისწინებდა. როგორც ენდრიუ ჯუველმა აღნიშნა, ერთ-ერთი სადისკუსიო საკითხი იყო ის, თუ რომელი უწყება უნდა ფლობდეს სახელმწიფო საწარმოებს.