სახელმწიფო საწარმოების მოგება ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა ძირითადად, კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული მოგების ხარჯზე. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო საწარმოების წმინდა მოგებამ გასულ წელს 1.3 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 86%-ზე მეტი, სწორედ, კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული მოგებაა. როგორც ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში მთავრობა წერს, ეს ნიშნავს, რომ საწარმოთა ბოლო 2 წლის მოგება მდგრადი არ არის და ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში შესაძლოა ეს მაჩვენებელი ზარალის მიმართულებით შებრუნდეს.
სახელმწიფო საწარმოებში კვაზი-ფისკალური აქტივობების იდენტიფიცირება და მისი გამოქვეყნება ფინანსთა სამინისტრომ 2017 წლიდან დაიწყო. უკანასკნელი გამოცდილებით ასეთი 3 საწარმოა: ენგურჰესი, რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია.
მაგალითად, ნავთობისა და გაზის კორპორაცია სოციალური გაზის მიწოდებით. კვლავ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წელს 336 მილიონი ლარი შეადგინა. მოკლევადიანი ლიკვიდურობის პრობლემების აღმოსაფხვრელად კორპორაციას გასულ წელს დასჭირდა სახელმწიფოსგან მოკლევადიანი სესხის სახით მხარდაჭერა 230 მილიონი ლარის ოდენობით. მას შემდეგ რაც კომპანიაში კორპორატიზაციის პროცესი დაიწყება, სოციალური მიმართულებით საჭირო სახსრების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტავს, ამ ტიპის ვალდებულება სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო საწარმოებს კვაზი ფისკალური ოპერაციების განხორციელება აღარ მოუწევთ.
„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ აღარ მოხდება სახელმწიფო საწარმოებიდან გაიზარდოს გარკვეული კვაზი ფისკალური ოპერაციები, შესაბამისად ის ხარჯი, რომელიც არის სოციალურად მნიშვნელოვანი, ეს არის ბიუჯეტიდან გასაწევი ხარჯი, ამიტომ მათი გაწევა ეტაპობრივად, ბუნებრივია არა სრულყოფილად 1 დღეში და 1 წელიწადში, ეტაპობრივად გადმოვა ბიუჯეტზე და სახელმწიფო საწარმოს, კორპორაციას აღარ ექნება იმის ვალდებულება, რომ გაზარდოს ან ახალი კვაზი ფისკალური ან სოციალური ხარჯი გასწიოს.
რაც შეეხება ზოგადად საწარმოებს, ყველა საწარმო რა თქმა უნდა არ იქნება კორპორაცია, ვინაიდან ძალიან ბევრი კომპანია ახორციელებს სოციალურ ფუნქციას, როგორიც არის მაგალითად დასუფთავების, წყლის სერვისის მიწოდება.
მომდევნო წელს, 2024 წელს ვფიქრობთ, რომ 5 საწარმოში ვიქნებით იგივე მდგომარეობაში მათ შორის აეროპორტის გაერთიანება, მათ შორის ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ა.შ სადაც დასრულდება კორპორატიზაციის პროცესი, იქ შევეცდებით კვაზი ფისკალური აქტივები ძალიან მალე გავანულოთ“,-აცხადებს გიორგი კაკაურიძე.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა 2021 წელს დაიწყო. მმართველობითი მოდელის ცვლილება საპილოტე პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ელექტროსისტემაში განხორციელდა. გასულ წელს მართვის კორპორაციული სტანდარტების დანერგვა კიდევ სამ სახელმწიფო საწარმოში დაანონსდა, ესენია: საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და აეროპორტების გაერთიანება.