მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი კაკაურიძე სახელმწიფო საწარმოებში ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის გაძლიერების საჭიროებას ხედავს

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე სახელმწიფო საწარმოებზე ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის გაძლიერების საჭიროებას ხედავს - ამის შესახებ მან bm.ge-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, არსებული მდგომარეობით სახელმწიფო კორპორაციებში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები 50%-50%-იანი წილის მფლობელობით არიან წარმოდგენილი, რაც IMF-ის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა, თუმცა კაკაურიძე აცხადებს, რომ მისი შეფასებით ამ კომპანიების წილობრივ ფლობაზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება მათზე ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის უფლებების გაფართოება.

"სახელმწიფო საწარმოების მფლობელობაზე IMF-ის პოზიცია იყო, რომ უმჯობესი იქნებოდა 50-50%-ზე ყოფილიყო ეს ახლა დღეს ასეა, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს რომ უფრო მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტრომ იმუშაოს ფინანსური ზედამხედველობის ნაწილზე, ვიდრე უბრალოდ საწარმოთა ფლობაში იყოს ჩართული. მარტო ფლობის საკითხი არაფერს ცვლის თუკი ფინანსური ზედამხედველობის ნაწილი არ გავაძლიერეთ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ. დღეს მსხვილი კორპორაციები არის 50-50%-ით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ზედამხედველობა თუ ეს ინსტრუმენტი იქნება ქვეყანაში კარგად ჩამოყალიბებული, მე ვფიქრობ რომ მფლობელობის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი აღარ იქნება,"- განაცხადა კაკაურიძემ BMG-სთან საუბარში.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხი საქართველოს მთავრობასა IMF-ს შორის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. ფონდი მიუთითებს რომ სახელმწიფო საწარმოებს მნიშვნელოვანი მოცულობის კრედიტები აქვთ აღებული, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ეს კომპანიები ზარალს განიცდიან და საკუთარი სახსრები არ ექნებათ რათა კრედიტები დაფარონ, აღნიშნული ვალების მომსახურების რისკი უკვე ცენტრალურ ბიუჯეტს დააწვება.

ამ დროისთვის ცნობილია 2023 წლის მდგომარეობით სახელმწიფო კომპანიების ჯამური ზარალი 232 მილიონ ლარს შეადგენდა. წლების მიხედვით ამ კომპანიების ფინანსური შედეგები ასე ნაწილდება:

  • 2019 წელს - ზარალი 237 მილიონი ლარი;
  • 2020 წელს - ზარალი 1.07 მილიარდი ლარი;
  • 2021 წელს - მოგება 537 მილიონი ლარი;
  • 2022 წელს - მოგება 1.35 მილიარდი ლარი;
  • 2023 წელს - ზარალი 232 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები