გასული კვირის (25 სექტემბერი - 1 ოქტომბერი) მთავარი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში:
1) 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობა 24 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს:
იწყება 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვები. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 24.1 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც 2023 წელთან შედარებით 2.26 მილიარდი ლარით მეტი იქნება. გაზრდილ ხარჯებს მთავრობა 18.3 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფით დააფინანსებს, რაც წლევანდელთან შედარებით 2.03 მილიარდი ლარით მეტია. ამასთან დაგეგმილია 3.5 მილიარდის ახალი ვალების აღება, საიდანაც 1.99 მილიარდი ლარი საგარეო ვალებზე მოდის.
სამინისტროების დაფინანსება ასე გადანაწილდება:
- ჯანდაცვის სამინისტრო - 7.73 მილიარდი ლარი, ზრდა 877 მლნ;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 3.35 მილიარდი ლარი, ზრდა 20 მლნ;
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2.34 მილიარდი ლარი, ზრდა 309 მლნ;
- თავდაცვის სამინისტრო - 1.37 მილიარდი ლარი, ზრდა 110 მლნ;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1.21 მილიარდი ლარი, ზრდა 104 მლნ;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 685 მილიონი ლარი, კლება -13 მლნ;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 646 მილიონი ლარი, ზრდა 88 მლნ;
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 460 მილიონი ლარი, ზრდა 29 მლნ;
- იუსტიციის სამინისტრო - 400 მილიონი ლარი, ზრდა 8 მლნ;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 187 მილიონი ლარი, ზრდა 2 მლნ.
ბიუჯეტი 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, ხოლო დეფიციტის დონე მშპ-ის 2.5% იქნება. ყველაზე ძვირადღირებული პროგრამა მომდევნო წლის ბიუჯეტში ხანდაზმულთა საპენსიო უზრუნველყოფაა, რაზეც 3.9 მილიარდი ლარი დაიხარჯება. საბაზისო პენსია 315 ლარით, 70 წელს ზემოთ პირთა პენსია კი 415 ლარით განისაზღვრება. რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული პროგრამა სოციალურად დაუცველთა უზრუნველყოფა იქნება, რაზეც 1.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
2) აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.0 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 12.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.2%-ით არის გაზრდილი.
“კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და დასაწყობების და ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია ექსპორტის 14.4%-იანმა მატებამაც.
3) "სავალუტო ფონდის პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს" - სებ-ის და მთავრობის განცხადებები IMF-ის შეჩერებულ პროგრამაზე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია და განაცხადა, რომ ის იმედოვნებს რომ პროგრამა მოკლე ვადებში აუცილებლად აღდგება. საუბარია მიმდინარე 3-წლიან პროგრამაზე, რომელიც ე.წ. Stand by ფორმატისაა და მის ფარლებში 210 მილიონი SDR ანუ დაახლოებით 280 სავალუტო ფონდის პროგრამაზე გუშინ და დღეს განმარტებები გააკეთეს პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა. ლაშა ხუციშვილის განმარტებით პროგრამის შეჩერება განაპირობა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიღებამ, რაც სავალუტო ფონდთან არ იყო შეთანხმებული. ამასთან, ფინანსთა მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფონდის პროგრამაში ცვლილებების შეტანის თაობაზე და შესაბამისად მთავრობა ფონდისგან გარკვეულ კომპრომისზე წასვლას მოელის.
4) მეორე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტი 4.9%-მდე გაიზარდა:
2023 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 366.0 მლნ აშშ დოლარი (936.5 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 34.8 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -4.6 პროცენტიდან -4.9 პროცენტამდე გაიზარდა.
5) ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში Bmatch პლატფორმით $110 მილიონი შეისყიდა:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის აგვისტოს თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmacth პლატფორმის გამოყენებით $110 მილიონი დოლარი შეისყიდა. მთლიანად იანვარ-აგვისტოს ინტერვენციების მოცულობამ კი 1.46 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკი დოლარს სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკის ფარგლებში ყიდულობს. თუმცა, მას შემდეგ, რაც სებ-მა სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაამტკიცა, საჭირო გახდა საპირისპირო მიმართულებით ინტერვენციები, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა 64 მილიონი დოლარი გაყიდა.
6) საბანკო სექტორის აქტივებმა 72 მილიარდ ლარს გადააჭარბა, 8 თვეში ბანკების მოგება ₾1.8 მილიარდი იყო:
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2023 წლის 8 თვის ფინანსური შედეგები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინეს. მათი მიხედვით, 15 ბანკის ჯამურმა აქტივებმა 72.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით 900 მილიონი ლარით მეტია. ამასთან, ბანკების მოგებამ მიმდინარე წლის 8 თვეში 1.81 მილიარდი ლარი შეადგინა. ივლისში შეიცვალა ბანკების მიერ ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის სტანდარტი. თუკი წარსულში მათი შემოსავლები და სხვა პარამეტრები ადგილობრივი სტანდარტით იანგარიშებოდა, ივლისიდან ბანკები ვალდებული არიან სებ-ს მონაცემები IFRS-ის ბუღალტრული სტანდარტით წარუდგინონ. შეცვლილი მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, მოგებების მაჩვენებლები წინა თვეების და პერიოდების მაჩვენებლებთან ბოლომდე შესადარისი არაა. არსებული მდგომარეობით ბანკებს საქართველოს ეკონომიკაზე 48.8 მილიარდის სესხები აქვთ გაცემული, ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომა კი 48.1 მილიარდი ლარია.
7) საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 24.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა:
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 24.2 მლრდ აშშ დოლარი (63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 85.9 პროცენტია. 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 260.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 320.1 მლნ აშშ დოლარით, ფასის და სხვა ცვლილებების გამო კი შესაბამისად 13.3 და 4.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 77.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
8) უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძე; ჯაფარიძე წერეთლის საქმე
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ინფორმაცია bm.ge-ის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ დაუდასტურა.
"ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სამართალწარმოება საქართველოში დასრულდა. დამთავრდა ისე, რომ ფულის გათეთრების ბრალდება, რომლითაც დაიწყო საქმე, ამაში გამართლებულია სამივე, ასევე არც ერთს ნასამართლობა არ აქვს ამ განაჩენით. ერთადერთი ბრალდება, რაც დარჩენილი იყო, თაღლითობის ხანდაზმული მუხლი, ასევე ნასამართლეობის გარეშე, დატოვა სასამართლომ ძალაში, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრებული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში. მოსალოდნელიც იყო, რომ არ მიიღებდა უზენაესი სასამართლო ამ საქმეს", - ამბობს ზვიად კორძაძე BMG-სთან.
ცნობისთვის, გასული წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.
9) შეხვედრა ბანკების ხელმძღვანელებთან ეროვნულ ბანკში:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ორშაბათს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.სებ-ის ინფორმაციით, კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა ნათია თურნავასთან ერთად საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც ეკონომიკასა და მოსახლეობას დამატებით სტიმულს მისცემს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით.
„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა რეგულატორთან, სადაც ვიმსჯელეთ რეგულაციის დეტალებზე, რომელთა შეცვლით ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობა მოხდება. მისასალმებელია ასეთი სამუშაო რეჟიმი და იმედით ვართ განწყობილნი ამ პროცესის მიმართ“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გუნდთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმოვიხილეთ დაახლოებით ექვსი პროექტი. ვფიქრობთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შევჯერდებით გარკვეულ სიახლეებზე, რასაც შემდგომ ბაზარს წარვუდგენთ“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ.
10) ციფრული ლარის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის:
სებ-ის ინფორმაციით, ციფრული ლარის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის. ეროვნული ბანკი, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოსაცდელად და მიზნობრივი გამოყენების შესაძლო სფეროების გამოსავლენად, შეზღუდული წვდომის რეალური საპილოტე გარემოს შექმნას გეგმავს.
გრძელვადიანი კვლევისა და სათანადო განხილვების შემდეგ, ეროვნული ბანკი 9 კომპანიისგან შემდგარ სიას აქვეყნებს. ამ ორგანიზაციებს პლატფორმის რეალურ გარემოში ტესტირებისთვის შესაბამისი გამოცდილება და საკმარისი ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნიათ: