გთავაზობთ გასული კვირის (18-24 მარტის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
რა სახით შეიძლება აღდგეს IMF-ის პროგრამა
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი BMG-ისთან საუბარში აღნიშნავს, რომ არსებობს ორი შესაძლებლობა ფონდის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ შეჩერებული პროგრამა ოფიციალურად 2025 წლის ივნისში სრულდება, მისი აღდგენის მოლაპარაკებებისთვის არც თუ ისე ბევრი დრო რჩება, რასაც თან ერთვის ისიც, რომ 2024 წელი საქართველოში საარჩევნო წელია და ხელისუფლებას შეიძლება ამჟამად არ გააჩნდეს ფინანსური რეფორმების გატარების მზაობა. ამიტომაც, ჯუველი არ გამორიცხავს, შესაძლებლობას, რომ შეჩერებული პროგრამა არ გაგრძელდეს და მის სანაცვლოდ მომავალ წელს ახალ პროგრამაზე დაიწყოს მოლაპარაკებები.
IMF-ი აღნიშნავს, რომ ორივე შემთხვევაში მათთვის პრიორიტეტული იქნება ისეთ საკითხებზე ფოკუსირება, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ზრდა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერება.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.7%-მდე გაიზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქმიანობა დაასრულა, IMF-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ ფონდი 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.8%-დან 5.7%-მდე გაზრდის. ამასთან, ფონდი მოელის რომ 2023 წელს არსებული 7.5%-იანი ზრდიდან ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 5%-ს დაუახლოვდება.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უახლოეს კვირებში საქართველოს მთავრობაც გაზრდის, რაც ამჟამად 5.2%-ს შეადგენს.
რა ცვლილებები უნდა შევიდეს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში? - IMF-ის რეკომენდაცია
IMF-ის მიმოხილვის მიხედვით, ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება აუცილებელია მონეტარული პოლიტიკის სანდოობისთვის. ამასთან დაკავშირებით, IMF სებ-ის კანონში შემდეგი ცვლილებების შეტანის რეკომენდაციას გასცემს:
- უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა;
- დაზუსტდეს და განმტკიცდეს ადგილმონაცვლეობითი წესი; ასევე საბჭოს წევრების კვალიფიკაციის კრიტერიუმები;
- მართვის არსებული საპრეზიდენტო მოდელი შეიცვალოს კოლეგიალურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული მართვის მოდელით.
საკითხთან დაკავშირებით, BMG საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალისაც ესაუბრა, რომელმაც BMG-ს კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია სებ-ის საბჭოს არააღმასრულებელი წევრების რაოდენობის გაზრდას ეხება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის უფლებამონაცვლეობის საკითხის სათანადოდ განსაზღვრა.
ლარის გაცვლითი კურსი
ლარის გაცვლითმა კურსმა გასული კვირის განმავლობაში მცირედი კორექცია განიცადა. ცვლილებები ეროვნული ბანკის მიერ 13 მარტს, რეფინანსირების განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების შემდეგ დაიწყო და ის მთელი გასული კვირის განმავლობაში გაგრძელდა. ერთი დოლარის ღირებულება 2.66 ლარიდან ჯერ 2.71 ლარამდე გაიზარდა, ხოლო პარასკევს 2.70-მდე შემცირდა.
გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები გაუფასურების მიზეზებზეც, მათ შორის დასახელდა ლარის დეპოზიტების დოლარში კონვერტაციის მზარდი ტენდენცია, ასევე რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ეფექტი. კიდევ ერთი ფაქტორი შესაძლოა ეროვნული ბანკის მიერ Bmatch პლატფორმით რეზერვების შესყიდვას უკავშირდებოდეს, თუმცა აღნიშნული სტატისტიკა ცნობილი მხოლოდ მომდევნო თვის 25 რიცხვში გახდება.
რა გაიტანა საქართველომ უცხოეთში 2024 წლის პირველ ორ თვეში - ექსპორტის სტატისტიკა
საქსტატმა 2024 წლის პირველი ორი თვის საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-თებერვალში ექსპორტმა $803 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. სტატისტიკის მიხედვით, 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომლის ექსპორტის მოცულობამაც 263 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.
საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი
- მსუბუქი ავტომობილები - $262.6 მილიონი დოლარი, ზრდა 11%;
- ღვინოები - $47.6 მილიონი დოლარი, ზრდა 38%;
- ფეროშენადნობები - $42 მილიონი დოლარი, კლება 41%;
- სპირტიანი სასმელები - $35 მილიონი დოლარი, ზრდა 45%;
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $33.8 მილიონი დოლარი, ზრდა 170%;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $21.7 მილიონი დოლარი, ზრდა 43%;
- აზოტოვანი სასუქები - $21.4 მილიონი დოლარი, ზრდა 2%;
- მედიკამენტები - $17.9 მილიონი დოლარი, ზრდა 99%;
- გაზიანი შაქრიანი სასმელები - $14 მილიონი დოლარი, ზრდა 35%;
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $14 მილიონი დოლარი, კლება 14%.
სპილენძის მადნები საქართველოს საექსპორტო ჩამონათვალიდან გაქრა
სპილენძის მადნები საქართველოს უმსხვილესი საქონლის ათეულში ყოველთვის წამყვან პოზიციას იკავებდა, თუმცა 2024 წლის იანვარ-თებერვალში ამ საქონლის ექსპორტი 99.999%-ით შემცირდა და ექსპორტის მიღებულმა შემოსავალმა 5 ათას დოლარზე ნაკლები შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა 143 მილიონი დოლარი იყო. 2024 წლის განმავლობაში კი საქართველოდან ექსპორტზე გასული 5 ათასი დოლარის 1 ტონა სპილენძის მადნები ექსპორტზე მხოლოდ ყაზახეთში გავიდა. საგულისხმოა გარემოება, რომ სპილენძის მადნების ექსპორტის შემცირება ევროკავშირი ექსპორტის ვარდნის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო.
კომპანია Caucasian Metals Terminal-ში BMG-ის განუმარტეს, რომ სპილენძის წარმოება საქართველოში იმპორტირებული ნედლეულით ხდება და მათი ტერმინალი ამ საქონელს გადაამუშავებს, თუმცა გასული წლის ბოლოდან შემცირების დინამიკას ჰქონდა ადგილი, რაც მათ შორის სომხეთში სპილენძის ნედლეულის წარმოების დროებით გაჩერებას და სამხრეთ ამერიკიდან ნედლეულის მიწოდების გადამისამართებას უკავშრიდება. თუმცა, მათი განმარტებით მარტიდან მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს $17 მილიონი დაემატა, პროექტი ნოემბერში უნდა დასრულდეს
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს რკინიგზის გამარტივებული შესყიდვა, რომლითაც კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან არსებულ" ხელშეკრულებას კომპანია დამატებით 17 მილიონი დოლარით გაზრდის, რაც ქვიშხეთი-ზვარეს 8.3-კილომეტრიანი გვირაბის უსაფრთხოების სისტემების მოწყობას უკავშირდება. აქამდე პროექტის ღირებულება 249 მილიონი შვეიცარული ფრანკი იყო, შესაბამისად ის კიდევ 17 მილიონი დოლარით გაიზრდება. პროექტის მშენებლობის დასრულების თარიღად 2024 წლის 16 ნოემბერი არის განსაზღვრული.
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2011 წელს დაიწყო და ის ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის ფარგლებში რომელიც ზესტაფონიდან ქვიშხეთის მიმართულებით ახალი სარკინიგზო ხაზი ეწყობა, რომელმაც რკინიგზის გამტარიანობა და გადაადგილების სიჩქარე უნდა გაზარდოს.
მთავრობა ბიზნესს ობლიგაციების განთავსებაში დაეხმარება - ახალი პროგრამა მიმდინარე კვირაში დამტკიცდება
ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს ახალი მიმართულება დაემატება, რაც ბიზნესისთვის ობლიგაციების გამოშვებაში დახმარების გაწევას გულისხმობს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა BMG-სთან საუბარში განაცხადა, რომ ამ პროექტის დამტკიცება მთავრობის მომდევნო სხდომაზე იგეგმება.
"რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების გამოშვების წახალისების პროგრამას, დადგენილების პროექტი უკვე მზად არის, წარდგენილია მთავრობაზე და იმედი მაქვს რომ მომდევნო სხდომაზე უკვე იქნება დამტკიცებული და პროგრამა ფაქტობრივად ჩაეშვება,"- განაცხადა ნადარეიშვილმა.
რაზე იმსჯელეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე
პარასკევს ირაკლი კობახიძის მეთაურობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს 22-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო დონორებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი შეეხებოდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და იმ რეფორმების ნაწილს, რომელიც უახლოეს პერიოდში გვაქვს დასანერგი. ბიზნესმა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოთქვა აღნიშნული პროცესის მიმართ და აქტიურად იქნებიან ჩართულები. ასევე საკითხები შეეხებოდა მესამე პირების პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხს, ფინანსური სექტორის განვითარების თემებს, კომერციულ არბიტრაჟებში ახალი გადაწყვეტილებების მიმართულებებს და შუა დერეფნის განვითარების საკითხს.
სტეფანწმინდა ლარსის ახალი 225-მილიონიანი გზის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
დარიალზე, რუსეთის საზღვართან ახალი გზის აშენებისთვის 225 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, 4.5-კილომეტრიანი გზა სტეფანწმინდიდან ზემო ლარსის მიმართულებით არსებულ მოძველებულ და რთულ საგზაო მონაკვეთს ჩაანაცვლებს. წინა ტენდერი გასული წლის ივნისში გამოცხადდა და ის ყველა პრეტედენტის დისკვალიფიკაციით დასრულდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ახალი გზის მშენებლობა გარკვეულ პოლიტიკურ ქვეტექსტს ატარებს არის არასწორი. გზების დეპარტამენტის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალი მაგისტრალი შენდება არის ის, რომ არსებული გზის მონაკვეთი, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ არეალში გადის, უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალი გზა აშენდება საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებაა.
თბილისში მშრალი პორტი აშენდება
პარასკევს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თბილისის მშრალი პორტის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. პროექტს ქართველ პარტნიორ შპს "თბილისი დრაი პორტთან" ერთად უმსხვილესი არაბული კორპორაცია ADP განახორციელებს. ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო-ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართო რეგიონს მოემსახურება.
კერძოდ, პროექტი მოიცავს საკონტეინერო ეზოებს, რომელთა წლიური გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით 200,000 TEU და საბაჟო-სასაწყობე მეურნეობას (A და B კლასის საწყობები საერთო ფართით 12,300მ2). ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის პოპულარიზებას და სტიმულს მისცემს სხვა ინვესტორებსაც, რათა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდნენ.