მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

სებ

გთავაზობთ გასული კვირის - 18-24 დეკემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში

1) რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე შემცირდა

გასული კვირის უმთავრესი ეკონომიკური მოვლენა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პროცენტული პუნქტით შეამცირა, ასეთი მკვეეთრი შემცირება ეროვნულმა ბანკმა ბოლოს 10 მაისს მოახდინა, როდესაც განაკვეთმა 11%-დან 10.5%-მდე დაიკლო.

ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნოემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელმა განაპირობა, რადგანაც გასულ თვეში ფასების წლიური მატება მხოლოდ 0.1% იყო, რაც 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

2) რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით კრედიტის მომსახურება 186 ათას მსესხებელს გაუიაფდა

2023 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186,416 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, შესაბამისად მათ სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდებათ.

"186,416 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 11.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 6.8 მლრდ. ლარის (58%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.1 მლრდ. ლარის (42%),”- ნათქვამია საზოგადოება და ბანკების მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

3) თბილისის სატრანსპორტო გეგმა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გასულ კვირაში მოხდა მერიის სატრანსპორტო გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის გასაჯაროებას უკავშირდება. საუბარია დანიური საკონსულტაციო კომპანია Ramboli-ს მიერ მომზადებულ კვლევაზე, რომელიც თბილისში ახალი დაკავშირებადობის სისტემების განვითარებას უკავშირდება. საუბარია საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლის დანიშვნაზე მცხეთის, რუსთავისა და აეროპორტის მიმართულებით, დიდი დიღმიდან სარაჯიშვილის მიმართულებით ახალი ტრამვაის ხაზის გაყვანას.

4) წამლების ფასნამატები

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ფარმაცევტულ სექტორში არსებული ფასნამატების შესახებ გამოაქვეყნა განცხადება. სამინისტროს ინფორმაციით, კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც ჯერჯერობით რეფერენტული ფასები არ მოქმედებენ ზოგჯერ 1000%; 2000% და 3000%-ის ფასნამატითაც იყიდებიან.

ამ განცხადებას გამოეხმაურნენ საქართველოს ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათი ფასნამატი ასეულობით პროცენტს არ წარმოადგენს.

"დღეს საქართველოში 50-ზე მეტი GDP-ს სერტიფიცირებული დისტრიბუტორი კომპანია და 100-ზე მეტი ბროკერი ოპერირებს, რომლებიც ე.წ. „დიდი ფარმაცევტული ქსელების“ მომწოდებლები არიან.

2023 წლის დასაწყისიდან ყველა ფარმაცევტული კომპანია ჩართულია სავალდებულო ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემაში, რაც სამინისტროს საშუალებას აძლევს მედიკამენტის იმპორტიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ყველა ტრანზაქციაზე განახორციელოს კონტროლი, თუმცა მიზანმიმართულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და თვისი განცხადებით პირდაპირ ადანაშაულებს „დიდი ფარმაცევტული ქსელებს“ არაჯანსაღ კონკურენციასა და კარტელურ გარიგებაში.”- ნათქვამი იყო PSP-ს განცხადებაში.

5) რა საქონელი გაიტანა საქართველომ ექსპორტზე უცხოეთში:

2023 წლის 11 თვეში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე რეკორდული 5.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია. ექსპორტის მატება პირველ რიგში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება, რადგანაც წელს საქართველოდან 1.9 მილიარდი დოლარის ღირებულების 98 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს წინა წელთან შედარებით 155%-ით, ანუ 1.2 მილიარდი დოლარით მეტია.

ავტომობილების რეექსპორტის ზრდის მიუხედავად, შემცირებულია საქართველოს სხვა ძირითადი საექსპორტო საქონლის ექსპორტი, მათ შორის განახევრებულია სპილენძის მადნების ექსპორტი, ხოლო ფეროშენადნობების ექსპორტი 67%-ით არის შემცირებული.

უფრო ვრცლად საექსპორტო საქონლის რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

6) საშუალო ხელფასი ₾1,855-მდე გაიზარდა - სექტორები, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ანაზღაურებაა

საქართველოში საშუალო ხელფასი 1,855 ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, წინა წელთან შედარებით საშუალო ხელფასი 260 ლარით, ანუ 16%-ით არის გაზრდილი. საშუალო ხელფასი ანაზღაურების მთლიან მოცულობას ასახავს, შესაბამისად მას საშემოსავლო გადასახადის სახით 20% აკლდება, ეს კი ნიშნავს, რომ დასაქმებულთა მიერ ხელზე აღებული რეალური საშუალო ხელფასი მესამე კვარტალში 1,484 ლარს შეადგენდა.

სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურებები ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორშია, სადაც ხელფასი 4,073 ლარს შეადგენდა, რაც ხელზე 3,258 ლარის ანაზღაურებაა. ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კი სოფლის მეურნეობაშია და ის 1,241 ლარს შეადგენდა, რაც ხელზე 992 ლარს შეადგენდა.

7) საპენსიო სააგენტო 2024 წლიდან ობლიგაციების ბაზარზე აქტიურ ნაბიჯებს გადადამს

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე აცხადებს, რომ საპენსიო სისტემაში განთავსებული საპენსიო დანაზოგები 2024 წელს ობლიგაციების ბაზარზე მეტად იქნება წარმოდგენილი.

როგორც მან საპენსიო სააგენტოს მიერ 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიასთან აღნიშნა, დანაზოგებით სააგენტომ მათ შორის ქართული კომპანიების ობლიგაციებიც შეიძინა.

„ობლიგაციების ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. მიმდინარე წელს ჩვენ 4 ობლიგაციები ვიყიდეთ „საქართველოს ლიზინგისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ ობლიგაციები. შემდეგ წელს ვიცით, რომ ემისიები უფრო მეტად აქტიური იქნება და ჩვენ ობლიგაციების ბაზარზე მნიშვნელოვნად ვიქნებით წარმოდგენილები. დეპოზიტების ბაზარიც საინტერესოა, სახაზინო ობლიგაციებისაც და ობლიგაციებისაც“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის 20 დეკემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის მონაწილეთა რაოდენობა 1 297 000-ია. საპენსიო აქტივების ჯამური ზომა 4.3 მლრდ ლარია

8) რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფომ წელს 15.3 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც მთლიანად 2023 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 92%-ია. შესაბამისად, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში არსებული საგადასახადო შესრულება გეგმით განსაზღვრულ 16.7 მილიარდ ლარს რამდენიმე ასეული მილიონი ლარით გადააჭარბებს.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით 11 თვის შესრულება ასე ნაწილდება:

  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 6.2 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 91%;
  • საშემოსავლო გადასახადი - 5 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 93%;
  • აქციზის გადასახადი - 2 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 92%;
  • მოგების გადასახადი - 1.8 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 91%;
  • იმპორტის გადასახადი - 140 მილიონი ლარი, წლიური გეგმის 94%.

9) საქართველო ევრო 5-ის სტანდარტის დასანერგად ემზადება

2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად პრემიერ-მინისტრმა ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხი დაასახელა, რაც საქართველოსთვის ნამდვილად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 2024 წლიდან შეზღუდვა მსუბუქ ავტომობილებზე ამოქმედდება, 2025 წელს კი აკრძალვა სატვირთოებზეც გავრცელდება.

10) საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი გაიხსნა

2023-2024 წლის ზამთრის ტურისტული სათხილამურო სეზონი უკვე გაიხსნა, რასაც ხელს შესაბამისი კლიმატური პირობებიც უწყობს. სათხილამურო კურორტებზე უფრო ვრცლად საბაგიროს ფასები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები