გთავაზობთ გასული კვირის 10-16 მარტის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
თებერვალში საქართველოს ექსპორტი და იმპორტი 7%-ით შემცირდა
საქსტატმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2025 წლის თებერვალში საქართველოს ექსპორტი წლიურად 7%-ით შემცირდა და 431.5 მილიონი დოლარი შეადგინა. მთლიანად იანვარ-თებერვალში კი, ექსპორტი 835 მილიონი დოლარის ტოლი იყო. ეს მაჩვენებელი წლიურად 4%-ით არის გაზრდილი, რაც იანვარში ექსპორტის 18%-იანი ზრდით იყო განპირობებული. რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა თებერვალში 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად ასევე 7%-ით არის შემცირებული. თუმცა, იანვარ-თებერვლის იმპორტი ჯამურად 2.7 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 19.5%-ით), მაგრამ აქედან 500 მილიონ დოლარზე მეტი ქვეყანაში ძვირად ღირებული ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტზე მოდიოდა, მის გარეშე კი რეალური იმპორტი 2.2 მილიარდი დოლარი იყო.
უფრო დეტალურად, თუ რა საქონლის იმპორტი და ექსპორტი შემცირდა 2025 წლის თებერვალში, ცნობილი გახდება 19 მარტს, როდესაც საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა, ამასთან სებ-ი მოელის რომ 2025-ის მეორე ნახევარში ინფლაცია გაიზრდება
საქართველოს ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ინფლაციის დონე მიზნობრივ 3%-ს დროებით გადააჭარბებს, თუმცა წლის ჭრილში მაინც მიზნობრივი 3%-ის მიდამოში შენარჩუნდება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რაც რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ 2025 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რაც 11%-იან ზრდაზე მიუთითებდა ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს, თუმცა სებ-ი ელოდება, რომ მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკაში გაურკვევლობა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
2024 წელს საქართველოში FDI 30%-ით შემცირდა
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 მილიარდ 333 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ FDI-ის 2024 წლის წინასწარ მონაცემებში აღნიშნულია, რომ შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება.
სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი 526 მილიონი დოლარის ინვესტიციები განხორციელდა საფინანსო სექტორში, თუმცა წლიურად ამ დარგში შემცირება $60 მილიონია, მეორე ადგილზე 170 მილიონი დოლარის ინვესტიციებით დამმუშავებელი მრეწველობაა, სადაც FDI წლიურად 130 მილიონი დოლარით არის შემცირებული, მესამე პოზიციას კი უძრავი ქონების სექტორი იკავებს 155 მილიონი დოლარით, სადაც ზრდა $44 მილიონია.
ბანკიდან ბანკში კრედიტის გადატანისთვის, სესხის წინმსწრებად დაფარვის საკომისიოს ლიმიტი შემცირდა
ფიზიკური პირებისთვის 2 მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური კრედიტების რეფინანსირებისას და მათი ერთი ბანკიდან მეორეში გადატანის დროს, ბანკის მიერ დაწესებული წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა დღეს არსებული 2%-დან 0.5%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, წინსწრების საკომისიოს შემცირება მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
თებერვალში საგარეო ვალი $30 მილიონით გაიზარდა და მან $8.6 მილიარდ დოლარს მიაღწია
ფინანსთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალის ამსახველი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, ვალის მთლიანმა მოცულობამ დოლარში 8.58 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იანვართან შედარებით $30 მილიონით მეტია.
2024 წლის თებერვალთან შედარებით კი საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 173 მილიონი დოლარით არის შემცირებული. თუმცა ეს კლება ძირითადად დაკავშირებულია გაცვლითი კურსის ეფექტთან. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალის 60%-ზე მეტი ნომინირებულია ევროში, რომელიც 2024 წლის თებერვლიდან 2025 წლის თებერვლამდე გაუფასურების ტრენდს ინარჩუნებდა. კერძოდ კი 2024 წლის თებერვალში ერთი ევრო 1.09 დოლარი ღირდა, 2025 წლის თებერვალში კი ის 1.04-ის ტოლი იყო. ამ გაუფასურებამ დოლარში გამოსახული სახელმწიფო ვალის მოცულობა შეამცირა.
ათობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანების გამო, შემოსავლების სამსახურმა ჯორჯიან მანგანეზს საგადასახადო გირავნობა დაადო
შემოსავლების სამსახურმა საქართველოს უმსხვილეს მომპოვებელ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" საგადასახადო გირავნობა დაადო. კომპანიის მიერ მოწოდებული წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ საუბარია ათობით მილიონ ლარზე, რაც "ჯორჯიან მანგანეზს" ბიუჯეტის წინაშე მართებს.
"კომპანია ადასტურებს, რომ შემოსავლების სამსახურმა "ჯორჯიან მანგანეზს" ნამდვილად დაადო საგადასახადო გირავნობა. საუბარია ბიუჯეტთან მიმართებით არსებულ დავალიანებაზე, ათეულობით მილიონ ლარზე. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მძიმე ფინანსურ კრიზისში იმყოფება კომპანია", - ნათქვამია "ჯორჯიან მანგანეზის" წერილობით პასუხში, თუმცა თანხის ზუსტი მოცულობა დაკონკრეტებული არ არის.
პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესის მთავარი გამოწვევაა - EU-ის ანგარიში საქართველოს ბიზნესკლიმატზე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა, რასაც ორგანიზაციის მიერ გამოკითხული 200-მდე ევროპული კომპანია მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ასახელებს.
გამოკითხული ბიზნესებიდან 76.8% მთავარ გამოწვევად სწორედ პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს. მეორე ადგილზეა სამუშაო კადრების დეფიციტი და მათი არასაკმარისი უნარები, რომელსაც ბიზნესის კეთებისთვის მთავარ გამოწვევად გამოკითხული ბიზნესის 65.9% ასახელებს. მესამე ადგილს კი არაეფექტიანი სასამართლო სისტემა იკავებს 58%-ით.




























