გასული კვირის - 27 ივილისი - 2 აგვისტოს მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები დაიწყო
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით. ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. სამინისტროს თანახმად, აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება. პროექტს კომპანია Jan De Nul N.V. 150-მილიონ დოლარიანი კონტრაქტის ფარგლებში ახორციელებს.
სახელმწიფო ელექტროსისტემაში დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის შეფასებას ტენდენციურს უწოდებენ
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, ოპერატიული რეჟიმებისა და დისპეტჩერიზაციის საკითხებში დირექტორი გიორგი ამუზაშვილი აცხადებს, რომ 24 ივლისს ქვეყანაში მომხდარი მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებზე საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია. მისი თქმით, სემეკის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პირველადი შეფასება „ტენდენციურად წაყვანილია“, ხოლო სისტემაში შესაბამისი დაცვის მექანიზმების არარსებობის შესახებ სემეკის ჯგუფის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ამუზაშვილი გამოეხმაურა სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას არსებული რელეური დაცვისა და ავტომატიკის გადაანგარიშება უნდა განეხორციელებინა, რათა მინიმუმამდე დაეყვანა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და უზრუნველეყო ენერგოსისტემის მდგრადობა.
ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა, წლის პირველ ნახევარში კი 7.9%-ით
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.
ეკონომიკური ზრდის მიზეზებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, რომლის თქმითაც, გასულ თვეში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 16.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კონკრეტული სექტორების მიხედვით კი ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა დამმუშავებელმა მრეწველობამ, სადაც წელს პირველად ნავთობის გადამუშავების სექტორი დაწინაურდა. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე გავლენა ლოგისტიკის სექტორის გააქტიურებამ მოახდინა, განსაკუთრებით საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით, გააქტიურდა მშენებლობის სექტორიც. ხოლო კლება ენერგეტიკის და სამთო მოპოვების სექტორებში დაფიქსირდა.
მსოფლიო ბანკი სებ-ის საბანკო სარეზოლუციო ფონდს $35 მილიონს გამოუყოფს - სასესხო შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტის“ ფარგლებში სარეზოლუციო ფონდისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს ქმნის. პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და დაგეგმილი ღონისძიებები, სებ-ის შეფასებით, ხელს შეუწყობს საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ განვითარებას, მისი ეფექტიანობის ზრდასა და საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
სებ-ის განმარტებით, საკრედიტო ხაზი წარმოადგენს სარეზოლუციო ფონდის დამატებით ფინანსურ დაცვის მექანიზმს იმ პერიოდამდე, ვიდრე ფონდი სამიზნე მოცულობას მიაღწევს. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული რესურსი რეზოლუციის პროცესის დროულ და ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.
ADB-მა თბილისის შემოვლითი გზის პროექტისთვის $250-მილიონიანი სესხი დაამტკიცა
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეოთხე და მეხუთე ლოტები აზიის განვითარების ბანკის (ADB) კრედიტით დაფინანსდება - ამის შესახებ დღეს ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. საქართველოს მთავრობა პროექტის დაფინანსების შესახებ მოლაპარაკებებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა. ცნობისთვის, 19 ივნისს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ მონაკვეთებისთვის საერთაშორისო ტენდერები გამოაცხადა. მეოთხე ლოტი მოიცავს დაახლოებით 8.7-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. მეხუთე ლოტის სიგრძე 10.2 კილომეტრია და თბილისის შემოვლითი გზის სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი E60 საერთაშორისო ავტომაგისტრალს (აზერბაიჯანის მიმართულება) კახეთის გზატკეცილთან დააკავშირებს და შექმნის სწრაფ და უსაფრთხო კავშირს რუსთავს, თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს, აეროპორტსა და ახალ ინდუსტრიულ ზონებს შორის.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად რომ ინფლაცია ივნისში კვლავ სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა 5.8%-ზე იყო, ამჟამად განაკვეთის დამატებით გამკაცრების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ამასთან, სებ-ი გადაწყვეტილებაში აღნიშნავს რომ ნარჩუნდება საგარეო ფაქტორებიდან მომავალი მაღალი გაურკვევლობის მაჩვენებლები.
ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. თუ 17 ივნისს გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით ცენტრალური ბანკი მიმდინარე წლის საშუალო ინფლაციას 4.9%-ის დონეზე ელოდებოდა, დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით პროგნოზი 5.2%-მდე გაიზარდა. განახლებული შეფასება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია წარმოდგენილი, რომლითაც რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დარჩა. სებ-ის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა და მიზნობრივ 3%-იან დონეს კვლავ აღემატებოდა. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი ენერგორესურსების გაძვირებაა.
Black Sea Petroleum-მა ივლისში ყაზახური ნავთობი მიიღო, აგვისტოში კი ლიბიურ ნავთობს მიიღებს - კომპანია ნედლეულის დივერსიფიკაციაზე აცხადებს
ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” აცხადებს, რომ არარუსულ ნედლეულზე გადასვლას გააგრძელებენ და ითანამშრომლებენ ევროკომისიასთან. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯებია აღწერილი. როგორც ცნობილია, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის თანახმად, კომპანიის წინააღმდეგ 6 თვის ვადაში ამოქმედდება შეზღუდვები თუკი არ შეასრულებს ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებას და აღნიშნულ პერიოდში რუსულ ნავთობს არ ჩაანაცვლებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობით. “ბლექ სი პეტროლიუმში” აცხადებენ, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა საწარმომ ივლისის დასაწყისში დაიწყო ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავება. ასევე, აგვისტოში ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის მიღებას დაიწყებს. კერძოდ, 2026 წლის 3 ივლისს, “ ბლექ სი პეტროლიუმსა” და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას.
ივნისში ეროვნულმა ბანკმა 612 მილიონი დოლარი შეისყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ივნისში Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. სტატისტიკის თანახმად, გასული თვის შესყიდვები 612.6 მილიონ დოლარს შეადგენდა. ჯამურად კი 2026 წლის იანვარ-ივნისში შესყიდვები 2.08 მილიარდი დოლარი იყო.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
- იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
- თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
- მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
- აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
- მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
- ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი.
საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესაძენად ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა
საქართველოს რკინიგზამ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესაძენად საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 თანამედროვე ელექტრომატარებლის შეძენა და ექსპლუატაციაში გაშვება. უწყება წერს, რომ ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, კვლევის მიზანია პოტენციური მიმწოდებლებისთვის პროექტის მასშტაბისა და შესყიდვის სავარაუდო სტრატეგიის გაცნობა, ასევე ბაზრის შესაძლებლობების, ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების, მიწოდების ვადებისა და შესყიდვის პირობების შესახებ დარგის წარმომადგენელთა მოსაზრებების მიღება.
თურქულმა კომპანიამ თბილისის ტრამვაის ტენდერის შედეგები გაასაჩივრა
თბილისში დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზისა და დეპოს მშენებლობის საერთაშორისო ტენდერში მონაწილე თურქულმა ერთობლივმა საწარმომ - YDA İnşaat Sanayi ve Ticaret A.Ş. – Gülermak Ağır Sanayi İnşaat ve Taahhüt A.Ş.-მა გამარჯვებულის გამოვლენა გაასაჩივრა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ტენდერის შედეგების გადახედვისკენ მოუწოდა. კომპანია ამტკიცებს, რომ გამარჯვებულად შერჩეული ერთობლივი საწარმო EYE (EmreRay Enerji İnşaat, Yüksel İnşaat და Erk İnşaat) სატენდერო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც მისი დისკვალიფიკაცია და კონტრაქტის YDA–Gülermak-ისთვის მინიჭება უნდა მოხდეს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჩივრიდან ხდება ცნობილი.
საჩივარი ეხება აზიის განვითარების ბანკის (ADB) წესებით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერს, რომლის გამარჯვებულად EYE 2026 წლის 15 ივლისს გამოცხადდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ მაშინ განაცხადა, რომ 287.6-მილიონიანი კონტრაქტი გამარჯვებულ კომპანიასთან 14-დღიანი გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ გაფორმდება.




























