მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი სარეზოლუციო ფონდისთვის მსოფლიო ბანკისგან ₾100 მლნ-ს მოზიდვას გეგმავს

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სარეზოლუციო ფონდისთვის მსოფლიო ბანკისგან 100 მილიონი ლარის ეკვივალენტის ფინანსური რესურსის მოზიდვა იგეგმება.

როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, საუბარია საკრედიტო ხაზის გამოყოფაზე, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუკი რომელიმე კომერციულ ბანკს ფინანსური სიძნელე და შესაბამისად, რეზოლუციის საჭიროება დაუდგება.

დავით უტიაშვილის განმარტებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ ვიდრე სარეზოლუციო ფონდის მოცულობა მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწევს, არსებობდეს საკრედიტო ხაზი, რომელზე წვდომაც დაუყოვნებლივ იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, ამ დროისთვის სარეზოლუციო ფონდში ბანკების მიერ უკვე არის მობილიზებული დაახლოებით 55 მილიონი ლარი.

“ზოგადად, რეზოლუციის ჩარჩოს მიზანი სწორედ ისაა, რომ თუ დადგა ისეთი რისკი, როდესაც ცალკეულ ბანკს შეექმნა პრობლემა, ამისთვის ვიყოთ მზად. ამ პროცესის გამართვას, ჩარჩოს განვითარებას დაახლოებით 6-7 წელია ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ. თავიდან შევქმენით კანონმდებლობა, შემდეგ 2020 წელს შევქმენით ფონდი, სადაც ბანკებს შეაქვთ ეს თანხები და უკვე იქ აკუმულირებულია დაახლოებით 55 მილიონი ლარი. 2032 წელს მიზნობრივი მაჩვენებელი არის დაზღვეული დეპოზიტების 3%, რაც არის დაახლოებით 800 მილიონი ლარი. ნელ-ნელა ვავითარებთ ამ ჩარჩოს და ვაგროვებთ ფონდში ფულს.

მიღებული საუკეთესო პრაქტიკაა, რომ ვიდრე ფონდი მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწევს, გვქონდეს რაიმე საკრედიტო ხაზი სანდო წყაროდან, მაგალითად, ისეთი როგორიც მსოფლიო ბანკი არის. ამ ეტაპზე საფინანსო სექტორი ძალიან ჯანსაღია და ამის საჭიროებას ბუნებრივია, ვერ ვხედავთ, მაგრამ რეზოლუციის მთელი ჩარჩოს იდეა არის, რომ სათადარიგო გეგმა გვქონდეს ყველა სცენარისთვის. ამ შემთხვევაში უბრალოდ საკრედიტო ხაზია, რომელსაც ავითვისებთ თუკი ასეთი სცენარი დადგა. თუკი ასეთი მოცემულობა დადგა, მაშინ რომ მივიდეთ მსოფლიო ბანკთან, შეიძლება 6 თვეც დასჭირდეს სესხის აღებას. მაშინ როდესაც თუ ეს საკრედიტო ხაზი უკვე გვექნება, დაახლოებით 3 დღეში მოგვცემენ სესხს, თუკი ასეთი საჭიროება დადგება. მეორე მხრივ, ის, რომ მსოფლიო ბანკმა გაიარა ჩვენთან ერთად მთელი ეს პროცესი და მათთან ვთანამშრომლობთ, ძალიან კარგი სიგნალია ეს [ინვესტორებისთვის]. თუკი მსოფლიო ბანკი დაამტკიცებს [საკრედიტო ხაზს], ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სარეზოლუციო ჩარჩო არის გამართული, იმიტომ რომ მსოფლიო ბანკმა გადაწყვიტა ჩვენი დახმარება”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

ცნობისთვის, სარეზოლუციო ფონდი კომერციული ბანკების შესაძლო კრიზისების მართვისთვის შეიქმნა. მისი მიზანია პრობლემური ბანკის დაფინანსება ისე მოხდეს, რომ საფინანსო ბაზარზე სისტემური რისკები შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები